„ბაიერნი” კლუბთა მსოფლიო თასის ფინალში გავიდა. გერმანიის რეკორდმაისტერმა ნახევარფინალში ეგვიპტურ „ალ აჰლის” 2:0 მოუგო.
გადამწყვეტი შეხვედრა 11 თებერვალს გაიმართება. ბავარიელთა მეტოქე იქნება მექსიკური „ტიგრესი”, რომელმაც მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში ბრაზილიურ „პალმეირასს” აჯობა — 1:0. მექსიკელთა გოლი მათმა 35 წლის ფრანგმა ვარსკვლავმა ანდრე-პიერ ჟინიაკმა პენალტით გაიტანა. ჟინიაკს „ტიგრესის” შემადგენლობაში 246 შეხვედრაში 147 გოლი აქვს გატანილი.
თუ „ბაიერნი” ფინალში გაიმარჯვებს და თასს მოიგებს, ეს მათთვის ტრიპლის, გერმანიისა და ევროპის სუპერთასების შემდეგ მეექვსე ტიტული იქნება. მიჯრით ექვსი ტიტულის მოპოვება კი აქამდე მხოლოდ პეპ გვარდიოლას „ბარსელონამ” შეძლო.
„ალ აჰლისთან” შეხვედრაში „ბაიერნი” უპირატესობას ფლობდა, მაგრამ „ბილდის” მიმომხილველის, 71 წლის მარსელ რაიფის თქმით: „გუნდი იდგა. ძალიან სტატიკური იყო”.
ორივე გოლი 2020 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა, პოლონელმა რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა. მან პირველი მე-17 წუთზე შეაგდო, მეორე კი 86-ზე. ეს გახლდათ 32 წლის ვარსკვლავის მიერ ბოლო 27 ოფიციალურ შეხვედრაში გატანილი 28-ე და 29-ე გოლები.
თამაშის შემდეგ, „ბაიერნის” მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა თქვა: „შეხვედრის სახე აშკარად ჩვენ განვსაზღვრეთ. ფინალში სრულიად დამსახურებულად გავედით”.
საინტერესოა, რომ „ბაიერნს” კლუბთა მსოფლიოს თასზე გოლი არ გაუშვია. ის ამ შეჯიბრებაში ადრეც დაუმარცხებელი იყო და უკვე 570 წუთია, რაც მის კარში გოლი არ გასულა.
თომას მიულერი: „ერთადერთი, რაც არ მომეწონა ის არის, რომ მეორე გოლი უფრო ადრე უნდა გაგვეტანა”.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრა გაახალისა გულშემატკივარმა. ეგვიპტელები ყატარში მრავლად არიან. ამ ქვეყანაში დაახლოებით 300 000 ეგვიპტელი მუშაობს და მათი ნაწილი, 8 000 კაცი სტადიონზე მივიდა, ოღონდ, ცხადია, კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვა არავის უფიქრია.
ისევ მიულერი: „ყველაფერი ძალიან მეგობრული და ჰარმონიული იყო. „ალ აჰლი” ეგვიპტის უდიდესი კლუბია. ბედნიერები ვართ, რომ დავამარცხეთ”.
ჯოშუა კიმიხი: „პირველი 35 წუთი ნამდვილად კარგი იყო, მაგრამ მერე საჭიროზე მეტი სირბილი მოგვიხდა. შესაძლოა, ამ შეჯიბრების ფინალში გასვლა დიდი შედეგი არ არის, მაგრამ ჩვენ მას ვიმსახურებდით”.
მიაქცევდით ყურადღებას, „ბილდის” მიმომხილველმა ბავარიელებს უძრაობა დაუწუნა, კიმიხმა კი საჭიროზე მეტი ვირბინეთო. როგორც ჩანს კიმიხი წინააღმდეგობას საერთოდ არ ელოდა.