კიდევ ერთი თამაში, კიდევ ერთი თრილერი, კიდევ ერთი შეხსენება, რომ ლეო მესი უმნიშვნელოვანესია და ფრანსისკო ტრინკაოს პირველი გოლი — ასე აღწერს „ბეტისისა” და „ბარსელონას” შეხვედრას კატალონიური „სპორტი”.
„ბარსაში” „ბრაგადან” 31 მილიონ ევროდ გადაყვანილმა 21 წლის გარემარბმა ფრანსიშკუ ტრინკაუმ 87-ე წუთზე გატანილი შესანიშნავი გოლით (იხილეთ ვიდეო) რონალდ კუმანის გუნდს სამი ქულა შეჰმატა.
ტრინკაუ პირველ ბარსელონურ გოლთან „გრანადასთან” სათასო შეხვედრაშიც ახლოს იყო, მაგრამ მაშინ ძელს გაარტყა ბურთი.
პორტუგალიელის გოლის წყალობით „ბლაუგრანას” ლა ლიგაში უკვე ზედიზედ 6 შეხვედრა აქვს მოგებული. შედეგად, კატალონიური გუნდი ცხრილში „ატლეტიკოს” 7 ქულით ჩამორჩება, თუმცა მადრიდელებს ორი თამაში მარაგში აქვთ.
„ბეტისთან” შეხვედრის წინ კუმანმა გაითვალისწინა, რომ რამდენიმე დღეში, იქვე, სევილიაში, „სამეფო თასის” მატჩი ელის „სევილიასთან” და სასტარტო შემადგენლობაში მესი, პედრი და ფრენკი დე იონგი არ ათამაშა. თუმცა, დე იონგს მალევე მოუხდა თამაშში ჩართვა, რადგან რონალდ არაუხო დაშავდა და შესაცვლელი გახდა.
პირველი ტაიმის მიწურულს, ემერსონის პასით ბორხა იგლესიასმა ანგარიში გახსნა. უნდა ითქვას, რომ შესვენებამდე „ბარსელონა” დიდად ვერ მოიწონებდა თავს, თუმცა შესვენების შემდეგ საქმე გამოსწორდა. 46-ე წუთიდან მოედანზე გამოჩნდა პედრი, რომელმაც გუნდი გამოაცოცხლა.
57-ე წუთზე მესი შევიდა და ორ წუთში გაქვითა კიდეც ანგარიში. 68-ე წუთზე გოლი, რომელიც ანტუან გიზმანს უნდა გაეტანა ვიქტორ რუისმა შეაგდო თავის კარში — ბურთი უიღბლოდ მოხვდა ფეხში.
75-ე წუთზე რუისმა სწორი მიმართულებითაც შეაგდო. ის მოედნის კიდიდან, ჯარიმიდან ჩაწოდებულ ბურთს აუხტა და თავი დასცხო. ბოლოს კი ტრინკაუმ იყოჩაღა.