„მანჩესტერ იუნაიტედის” ფანები გაბრაზდნენ. „მანჩესტერ სიტის” კაპიტანმა ფერნანდინიომ მიუნხენის ტრაგედიის 63-ე წლისთავზე ღლიცინი იკადრა.
ფერნანდინიო პატარა ბიჭი აღარ არის, 35 წლისაა, მაგრამ ეტყობა არის საკითხები, სადაც ასაკი მთავარი არ არის.
ბრაზილიელმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა თავისი ფოტო. მას ვარჯიშზე გატანილი გოლის ზეიმისას ხელები აქვს გაშლილი, თვითმფრინავს განასახიერებს.
ფერნანდინიომ ეს არ იკმარა. მან მოგვიანებით დატვიტა თავისი ფოტოები, რომელთაც თვითმფრინავის და ხარხარის ემოჯები წაუმძღვარა.
ერთი ხნის მერე მას ამ ტვიტის წაშლა მოუხდა. ეტყობა, აიძულეს.
გასაკვირი არაფერია იმაში, რომ „ხმაურიანი მეზობლების” კაპიტნის ასეთი ხუმრობა „იუნაიტედის” ფანებისთვის აღმაშფოთებელი აღმოჩნდა.
63 წლის წინ, მიუნხენის აეროპორტში, ავიაკატასტროფამ 23 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, რომელთა შორის 8 მეტ ბასბის ლეგენდად ქცეული გუნდის მოთამაშე იყო.
აღსანიშნავია, რომ გულშემატკივართა ნაწილმა ჩათვალა, რომ ფერნანდინიოს „ბასბის ჩვილების” დაღუპვა არ უგულისხმია, თუმცა ეს ცოტა ძნელი დასაჯერებელია.