ვაკეში, ქარსა და სიცივეში, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა შარშანდელი ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაასრულა. ბორჯღალოსნებმა რუსეთის ნაკრებს უმასპინძლეს და 16:7 დაამარცხეს, რაც ამ გუნდების დაპირისპირებებში ქართველთა 22-ე წარმატებაა „დათვების“ ერთადერთი გამარჯვების წილ, თან ჩვენმა გუნდმა ზედიზედ მეცხრამეტედ მოიგო.

თუმც, საბოლოო შედეგის მიუხედავად, ეს გამარჯვება სულაც არ იყო იოლი. პირველ ნახევარში რუსებმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, დაცვაში მწყობრად ითამაშეს და ქართველთა უდისციპლინობა უკეთ რომ გამოეყენებინათ, დაწინაურდებოდნენ კიდეც.

ამ მოულოდნელ ვითარებაში ბორჯღალოსნებს საწყის 40 წუთში ქულების აღების ერთადერთი შესაძლებლობა მიეცათ, მაგრამ თედო აბჟანდაძის მიერ ლამის 50 მეტრიდან შესრულებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ ბურთი კარის ხარიხას მოხვდა და მოედანზე გადმოვარდა. ეს იყო და ეს, თუ არ ჩავთვლით ერთ ფრონტალურ შეტევას, როცა ბურთი წინ გადაუვარდათ.

რუსებმა ორჯერ დაარტყეს: მგეზავმა რავილ გაისინმა ორივეჯერ საკმაოდ შორიდან გასროლილები „გამაზა“ და პირველი ტაიმიც რაგბისთვის უჩვეულო 0:0-ით დასრულდა.

შესვენებაზე ლევან მაისაშვილი გარკვეულ შენიშვნებს უთუოდ მისცემდა ბიჭებს, რადგან მეორე ტაიმი უფრო კონცენტრირებულად დავიწყეთ და მალევე ვასილ ლობჟანიძემ უმშვენიერესი სოლო-ლელო გაიტანა, რომელიც აბჟანდაძემ გარდასახა. მანვე მალევე ზუსტი ჯარიმაც მიაყოლა – 10:0.

რუსები არ გატყდნენ და ჩვენი ლელოს ხანგრძლივი შტურმის შედეგად საწადელს მიაღწიეს – დაგვიდეს და ზედაც გარდასახეს – 10:7.

დარჩენილი დრო ბრძოლაში წარიმართა, თუმც თედომ კიდევ ორი ჯარიმა გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 16:7.

ეს იყო და ეს. საბოლოოდ ჩვენმა კლასმა იჩინა თავი, თორემ რუსებმა იშვიათად მედგარი წინააღმდეგობა გაგვიწიეს. დასკვნა ერთია – ჩვენი ახალი გუნდის განვითარება უფრო სწრაფ ტემპებს მოითხოვს, თორემ, აგერ უკვე „დათვებიც“ გვიღრენენ…

May be an image of 1 ადამიანი