ლევან მაისაშვილმა 36-კაციან გაფართოებულ რაზმში 10 ახალბედა კი მოიწვია, რაც შევუქეთ კიდეც, მაგრამ საბოლოო სარუსეთო განაცხადში მხოლოდ ერთი შეიყვანა. მაინც რუსეთია, რომელთანაც გამარჯვებათა სერია აუცილებლად უნდა გაგრძელდეს!
გამარჯვებათა სერიაო, ვახსენეთ და განვმარტავთ, რომ 2003 წლიდან მოყოლებული ბორჯღალოსნებისა და „დათვების“ უკლებლივ ყველა ჯახი ჩვენებურთა გამარჯვებით მთავრდება.
და რა იყო მანამდე? რუსებისთვის სანუგეშო არც არაფერი. 2002-ში თბილისში ქართველებმა არეულად ითამაშეს და რუსებს ფრე აჩუქეს, ხოლო პირველ პოსტ-საბჭოურ რკენაში, რომელიც 1993 წლის მაისში პოლონეთის საკურორტო ქალაქ სოპოტში მსოფლიო თასის შესარჩევი ციკლის ფარგლებში გაიმართა, რუსეთის ნაკრებმა საქართველოს ეროვნული გუნდი პირველად და ბოლოს დაამარცხა (15:9).
7 თებერვალს, 15 საათზე „მიხეილ მესხზე“ ამ გუნდების 24-ე შეხვედრა დაიწყება და ქართველები 22-ე გამარჯვების გამოჭედვას შეუდგებიან.
დავუბრუნდეთ ჩვენებურთა შემადგენლობას. მაისაშვილის რაზმში როგორც დამსახურებული ვეტერანები არიან, ისე საშუალო სარაგბო ასაკისა და მთლად ნორჩი მოთამაშეები არიან. ამ უკანასკნელთა შორის გამოსაყოფია 18 წლის ფულბეკი დავით ნინიაშვილი, რომელიც მატჩს სასტარტოში დაიწყებს. მან უკვე მოასწრო ნაკრებში 2 მატჩის ჩატარება, თანაც ორივე – „შემოდგომის ერთა თასზე“. ის, ზემოთნახსენები ახალბედა კი 22 წლის ბურჯი გიორგი ნუცუბიძეა, რომელსაც სარაგბო სამყარო საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ასაკობრივ ჩემპიონატზე წარმატებული გამოსვლიდან იცნობს, თან ის საფრანგეთშიც, ქართველმრავალ „ბიარიცშიც“ გამოირჩევა. ნუცუბიძე სავარაუდოდ მეორე ტაიმში ჩაერთვება თამაშში და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნებულ ზურაბ ჟვანიას შეცვლის.
რუსეთი? რა აზრი აქვს მათ შემადგენლობის ჩამოთვლას? მაინც არავინ იცნობთ და არც მეტის პერსპექტივა აქვთ…
საქართველოს საბრძოლო რაზმი რუსეთთან მატჩისთვის
შერკინება 1. ზურაბ ჟვანია, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. ლაშა ჯაიანი, 5. გიორგი ჯავახია, 6. მიხეილ გაჩეჩილაძე, 7. ბექა საღინაძე, 8. თორნიკე ჯალაღონია.
ღერძი 9. ვასილ ლობჟანიძე, 10. თედო აბჟანდაძე.
უკანა ხაზი 11. მირიან მოდებაძე, 12.მერაბ შარიქაძე, 13. თამაზ მჭედლიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 15. დავით ნინიაშვილი.
მარქაფა 16. გიორგი ჭყოიძე, 17. გიორგი ნუცუბიძე, 18. გიორგი მელიქიძე, 19. დავით გიგაური, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. გელა აფრასიძე, 22. ლაშა ხმალაძე, 23. დემურ თაფლაძე.