დღეს, „რეალი” „უესკასთან” სტუმრად თამაშობს. გუშინ, მადრიდელთა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ონლაინ პრეს-კონფერენცია გამართა. ეს იყო მისი პირველი საჯარო გამოჩენა covid 19-ის მოხდის შემდეგ, რომელიც უჩვეულო გამოდგა — ფრანგს ნერვები ღალატობდა და გაღიზიანებული ლაპარაკობდა.

„მოგვეცით საშუალება ბოლომდე ვიბრძოლოთ, — უთხრა ზიდანმა ჟურნალისტებს, — ჩვენ ის გუნდი ვართ, რომელიც შარშან გახდა ესპანეთის ჩემპიონი, ათი წლის წინ კი არა. გვაცალეთ ბრძოლა. თქვენს კითხვებზე მეცინება. მესმის, რომ თქვენს საქმეს აკეთებთ, მაგრამ ერთ დღეს ამბობთ, რომ გამაგდებენ, მეორე დღეს კი ამტკიცებთ, რომ ვრჩები. საკმარისია ფრედ ვითამაშოთ ან წავაგოთ, რომ იმწუთას ჩემს გაშვებაზე წერთ. აი, რითი ხართ დაკავებული. ეს მე მაბრაზებს, რადგან ვცდილობ ყურადღება ჩემს გასაკეთებელზე მოვიკრიბო. მესმის, მე ჩემს საქმეს ვაკეთებ, თქვენ კი თქვენსას, მაგრამ ჩვენი შრომის მიმართ ცოტა მეტი პატივისცემა უნდა გამომაჟღავნოთ. თუ გინდათ, რომ „რეალიდან” წავიდე, პირში მითხარით, ზურგსუკან ნუ ამბობთ”.

სერხიო რამოსის შესახებ: „იმედი მაქვს, მის გარშემო ვნებათაღელვა ჩაცხრება. სულ ეს არის, რისი თქმაც შემიძლია. მინდა სერხიო „რეალში” დარჩეს და გუნდს მომავალშიც უკაპიტნოს, მაგრამ რა მოხდება, არ ვიცი”.

ედენ აზარის შესახებ: „ყველას გვინდა ვნახოთ ჯანმრთელი ედენი, რომელიც პრობლემებით არ იქნება  დამძიმებული. სამწუხაროდ მას უიღბლო პერიოდი აქვს. განსაკუთრებულად რთული ის არის, რომ აზარს ძალიან უნდა აჩვენოს, თუ რისთვის იყიდა „რეალმა”. დარწმუნებული ვარ, ერთ დღესაც მას ძველებურად ლაღს და ტრავმებისგან თავისუფალს ვნახავთ”.

ვინისიუს ჟუნიორის შესახებ: „მან დაუღალავი შრომა უნდა განაგრძოს. თავად კარგად იცის, თუ რაზე უნდა იმუშაოს. მე სათქმელიც კი არაფერი მაქვს. როგორც ყველა ახალგაზრდას, მასაც ჯერ ბევრი რამ აქვს სასწავლი. ვინისიუსი მონდომებულია. ჩემი ერთადერთი საზრუნავი კი ის არის, რომ თამაშში ყველა ფეხბურთელი ასი პროცენტით უნდა იყოს ჩართული”.

მარტინ ოდეგორის შესახებ: „მას მეტი თამაში უნდოდა. ორჯერ თუ სამჯერ ველაპარაკე. ვურჩიე, დარჩენილიყო და დამშვიდებულიყო. ვუთხარი, რომ მე ის მჭირდებოდა, სეზონი კი გრძელია. თამაშს მოასწრებდა. სამწუხაროდ, ჩემმა სიტყვებმა არ იმოქმედა და მარტინი იჯარით „არსენალში” წავიდა. რას იზამ, მთავარია, თვითონ იყოს ბედნიერი”.