მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთმა უდიდესმა ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ ოცდამეთექვსმეტე დაბადების დღე შინ, ოჯახთან ერთად აღნიშნა.

და მსოფლიოს ყველა საინფორმაციო საშუალება მოიარა პორტუგალიის ნაკრებისა და „იუვენტუსის” ვარკვლავის ნათქვამმა, ვერ დაგპირდებით, რომ ფეხბურთში კიდევ 20 წელიწადს დავრჩებიო.

საინტერესო დამთხვევაა, რომ ამავე დღეს, 5 თებერვალს, დაიბადნენ „პარი სენ ჟერმენის” ბრაზილიელი თავდამსხმელი ნეიმარი (29 წლის გახდა) და ვეტერანი არგენტინელი კარლოს ტევესი, რომელიც 37 წლისა შეიქნა და კვლავ თამაშობს, ამჯერად „ბოკა ხუნიორსში”.

რონალდუმ ინსტაგრამზე ოჯახური სურათი გამოფინა. მიაქცევდით ყურადღებას — რონალდუების სუფრაზე პორტუგალიის დროშად მორთული ტორტი დევს.

კრიშტიანუს გარდა მაგიდასთან არიან მისი თანამეცხედრე ხეორხინა როდრიგესი და შვილები: კრიშტიანუ ჟუნიორი, ევა, მატეო და ალანა.

„36! დაუჯერებელია, — დაწერა მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელმა, — ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ყველაფერი გუშინ დაიწყო, არადა ეს მოგზაურობა უკვე სავსეა დაუვიწყარი თავგადასავლებითა და ისტორიებით.

ჩემი პირველი ბურთი, ჩემი პირველი გუნდი, ჩემი პირველი გოლი… დრო მიფრინავს!

მადეირადან ლისაბონში, ლისაბონიდან მანჩესტერში, მანჩესტერიდან მადრიდში, მადრიდიდან ტურინში, მაგრამ ყველაზე მეტად, ჩემი გულის სიღრმიდან მსოფლიოში… რაც შემეძლო ყველაფერი გავიღე, უკან არასდროს დამიხევია და სულ იმას ვცდილობდი, რომ ჩემი თავის საუკეთესო ვარიანტი წარმომეჩინა.

პასუხად, თქვენგან ვიღებდი სიყვარულსა და აღფრთოვანებას, თანადგომასა და უპირობო მხარდაჭერას. ამიტომ, მე თქვენ ვერასდროს გადაგიხდით ჯეროვან მადლობას. მე უთქვენოდ ვერაფერს გავხდებოდი.

დღეს ჩემს ოცდამეთექვსმეტე დაბადების დღესა და პროფესიულ ფეხბურთში ყოფნის მეოცე წლისთავს ავღნიშნავ. ვწუხვარ, მაგრამ კიდევ 20 წელიწადს ვერ დაგპირდებით.

სამაგიეროდ, გპირდებით, რომ სანამ შემეძლება, ჩემგან ასპროცენტიან თავდადებაზე ნაკლებს ვერასდროს ნახავთ.

ერთხელაც გიხდით დიდ მადლობას მხარდაჭერისა და თქვენი კეთილი მესიჯებისთვის. ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს და თქვენ, ჩემს გულში ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი გექნებათ”.