ეს იყო შეხვედრა ავდარში, სადაც თომას ტუხელის „ჩელსი” სრიალა მოედანზე ჰოკეის გუნდივით ათამაშებდა ბურთს, ჟოზე მოურინიუს „ტოტენჰემ ჰოთსპური” კი მას რეტრო-სტილით უპირისპირდებოდა.

„ჩელსიმ” მოიგო 1:0. „სფურზმა” ზედიზედ მესამედ წააგო. ეს გახლდათ ჟოზე მოურინიუს ზედიზედ მეორე მარცხი საკუთარ მოედანზე, ასეთი რამ კი პორტუგალიელ მწვრთნელს აქამდე არასდროს მოსვლია. შედეგად, 21 თამაშის შემდეგ, „ტოტენჰემი” ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ მეოთხე გუნდს, „ლივერპულს”, 7 ქულით ჩამორჩება.

მაგრამ, სტატისტიკა მთავარი არ არის. აქ უფრო მნიშვნელოვანი თამაშის ხარისხია, რომელიც „დეზების” ქომაგებს შეუძლებელია აკმაყოფილებდეთ.

ინგლისურ პრესაში ეწერა, რომ სეზონის დასაწყისში, როდესაც „ტოტენჰემი” იგებდა, ყველაფერი ლამაზად ჩანდა, მაგრამ ახლა, როდესაც ჩრდილოლონდონელებმა წაგებას წაგება მიაყოლეს, მოურინიუს მოწინააღმდეგეებს მიეცათ საშუალება თქვან, რომ მათ გუნდში „განსაკუთრებულის” დანიშვნა არ შეიძლებოდა.

„ჩელსიმ” მხოლოდ 1:0 მოიგო, გოლი ჟორჟინიომ 24-ე წუთზე პენალტით გაიტანა, რაც თითქოს „ლურჯების” დიდ უპირატესობაზე არ მიუთითებს, მაგრამ ფაქტია — ტუხელის გუნდი მეტოქეს მატჩის გვარიანი მონაკვეთების განმავლობაში სჯობდა.

რასაკვირველია, „ტოტენჰემს” ჰარი კეინი აკლია, რაც სახუმარო საქმე არ არის და მოურინიუს არც ის უნდა დავუკარგოთ, რომ მისი გუნდი ჯერაც სამი თასისთვის აგრძელებს ბრძოლას.

თუმცა, „განსაკუთრებული” მატჩის შემდეგ გაღიზიანებული იყო, რაც იმაში გამოიხატა, რომ მან ჟურნალისტ ქალს, ელისონ ბენდერს, კითხვაზე, თუ რატომ არ შეიყვანა მოედანზე გარეთ ბეილი, ასე უპასუხა:

„კარგი კითხვაა, მაგრამ თქვენ მასზე პასუხის ღირსი არ ხართ”.

BBC-ს კი პორტუგალიელმა ასე უთხრა: „ჩვენ დიდებული საგოლე მომენტი გვქონდა, რომელიც ვინისიუსმა გაუშვა ხელიდან.

თუ გნებავთ, მატჩი თავიდან ბოლომდე გავაანალიზოთ და პრაგმატულად თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ ანგარიში იყო  მხოლოდ1:0, გოლი კი პენალტით გავიდა. „ჩელსისთან” რთულ შეხვედრაში პენალტი, რასაკვირველია ცუდად იმოქმედებდა.

პირველი ტაიმის ბოლოს ჩემს გუნდს უჭირდა და წვალობდა, მაგრამ მეორე ტაიმში სულ სხვა სურათი დავინახე. თან, არ დაგავიწყდეთ, რომ წამყვანი ფეხბურთელები გვაკლდა.

ჰარი კეინი შემდეგ ტურში დაგვიბრუნდება, მაგრამ სხვები, სამწუხაროდ, არა”.

„ჩელსის” გერმანელმა თავკაცმა ტომას ტუხელმა კი ასე თქვა: „შედეგით სუპერგახარებული ვართ. ეს იყო რთული მატჩი ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ, მაგრამ კარგად ვითამაშეთ და შეხვედრას მთლიანად ვაკონტროლებდით.

განსაკუთრებით კმაყოფილი ვარ პირველი ტაიმით. შესვენების შემდეგ ბურთს ნაკლებად ვფლობდით, მოედანზე მანძილები გაიზარდა და გრძელი პასებით მოგვიხდა ფონს გასვლა.

როდესაც მაღალი დონის გუნდს ეთამაშები, უნდა იცოდე, რომ აუცილებლად იქნება პერიოდები, როდესაც გაგიჭირდება.

ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი გინდის უშიშარი თამაშით დაცვაში. დღეს, გამარჯვებას ნამდვილად ვიმსახურებდით”.