„ლივერპულში” რაღაც გაიბზარა: იურგენ კლოპის გუნდს აგერ უკვე ოთხი მატჩია, შინ არ მოუგია; 348 წუთია, „ენფილდზე” გოლი არ გაუტანია; წუხელ, „ბრაიტონთან” 0:1 წააგო და კვირას „მანჩესტერ სიტის” უნდა უმასპინძლოს.

ჩემპიონს ტიტულისთვის ბრძოლა სულ მეტად და მეტად უჭირს. ყველაზე უცნაური კი ის არის, რომ გუნდი უმნიშვნელოვანეს ქულებს მაინცდამაინც თავის ლეგენდარულ სტადიონზე კარგავს.

აქ, ალბათ ყველას ერთი და იგივე კითხვა უჩნდება: ნეტავ, კოვიდპანდემია რომ არა, ანუ სტადიონზე ხალხი რომ იჯდეს, „წითლები” შინ მაინც ამდენ ქულას დაკარგავდნენ? ამ კითხვაზე პასუხს ვერავინ ვერასდროს გაიგებს. სამაგიეროდ, შეიძლება ასე ითქვას: კიდევ კარგი კოპის ფანები ქულების მწარე კარგვას არ ესწრებიან. 2012 წლის შემდეგ, „ლივერპულმა” შინ, მიჯრით, პირველად წააგო.

„ენფილდიდან” ქულების გატაცების სეზონი „ვესტ ბრომვიჩმა” დაიწყო. შემდეგ, ესტაფეტა „მანჩესტერ იუნაიტედმა” გადაიბარა, რასაც მოჰყვა ზედიზედ ორი მარცხი „ბარნლისა” და „ბრაიტონთან”.

„თოლიებმა” მერსისაიდელებს მეორე ტაიმში გატანილი ერთადერთი გოლით მოუგო. ამ გოლზე აქა-იქ დაიწერა, რომ სტუმრებმა იღბლის წყალობით შეაგდეს. ბრიტანელ-კოლუმბიელი სტივენ ალსატეს დარტყმული სულ ოდნავ მართლაც შეეხო მის თანაგუნდალ ლეანდრო ტროსარს, რომელიც 2017-19 წლებში, „გენტში”, გიორგი ჩაკვეტაძესთან ერთად თამაშობდა, თუმცა ამან ეპიზოდზე რა გავლენა მოახდინა, ვერ გეტყვით. შესაძლოა, „ლივერპულის” მეკარე დააბნია, მაგრამ მთავარი მაინც დაცვის ცენტრში ნეტ ფილიპსის შეცდომა იყო — მან მეტოქეს ვერ დაასწრო და საჯარიმოდან ბურთი ვერ გამოაგდო.

სამაგიეროდ, ინგლისური პრესა ერთხმად თანხმდება, რომ ლივერპულელთაგან ყველაზე გასაკვირი უხეირო შეტევები იყო. „ბრაიტონმა” კი ორგანიზებულად ითამაშა და დამსახურებულად გაიმარჯვა.

დღეს, „ლივერპული” 40 ქულით მეოთხე ადგილზეა. ის 7 ქულით ჩამორჩება ლიდერ „მანჩესტერ სიტის”, რომელსაც ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.