ნუთუ 27 წლის გერმანელი მცველი ანტონიო რუდიგერი „ჩელსის” თავკაცის პოსტიდან ფრენკ ლემპარდის გაშვებაში მართლა დამნაშავეა? ბოლო დღეებში, ინგლისურ მედიასა და სოციალურ სივრცეში ამაზე დაიწყეს წერა.
რუდიგერი ინგლისელი მწვრთნელის პერიოდში დასავლეთლონდონელთა გუნდში ცენტრალური ფიგურა აღარ იყო. ლემპარდის შემცვლელის, გერმანელი თომას ტუხელის მოსვლამ კი მისი პოზიციები გაამყარა — ახალი თავკაცის ხელში გუნდმა ჯერჯერობით ორი შეხვედრა ჩაატარა და სტოპერმა ორივეში მიიღო მონაწილეობა.
„ბოლო კვირის განმავლობაში ჩემს შესახებ ბევრი უაზრო ჭორი მოვისმინე, — თქვა რუდიგერმა, — არადა, კლუბის მენეჯერთა გუნდთან სამწვრთნელო ამბებზე და თუ გნებავთ სხვა პრობლემურ საკითხებზე არასდროს მილაპარაკია”.
შემდეგ რუდიგერმა თქვა, რომ შობის დღესასწაულის მერე ფრენკ ლემპარდმა მასზე აზრი იცვალა და მანაც თავის აგენტებს სთხოვა, იანვრის ტრანსფერზე აღარ ემუშავათ. არადა, ყველას ეგონა, რომ გერმანელი ნაახალწლევს „ჩელსის” აუცილებლად დატოვებდა.
„სამწუხაროდ, გუნდმა კარგი შედეგები ვერ აჩვენა, თორემ ფეხბურთელებს მწვრთნელისთვის და კლუბისთვის მხოლოდ კარგი გვინდოდა”, — თქვა ბოლოს რუდიგერმა, რომლის კონტრაქტსაც ვადა 2022 წელს ეწურება.