სამშაბათს ტურინის „იუვენტუსმა“ ქვეყნის თასის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში სტუმრად „ინტერს“ 2:1 მოუგო.

გამარჯვებულთა კარს ჯანლუიჯი ბუფონი იცავდა, რომლისთვისაც ეს მატჩი პროფესიულ კარიერაში 1100-ე იყო.

Image result for buffon in parmaჯიჯის ზღაპრული კარიერა 1995 წელს დაიწყო. გასული 26 წლის განმავლობაში მან 679-ჯერ „იუვეს“, 220-ჯერ „პარმას“, 25-ჯერ პსჟ-ს და 176-ჯერ იტალიის ნაკრების ღირსება დაიცვა. 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა სანაკრებო კარიერა 2018 წელს დაასრულა.

ბუფონი, რომელსაც 28 იანვარს 43 წელი შეუსრულდა, კვლავაც უმაღლეს დონეზე თამაშობს. კლუბის დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ ამადაც ბრძანა: „ჯიჯი საკუთარ სახლშია და ყველა ვაფასებთ. ის არაჩვეულებრივი ადამიანია. რა თქმა უნდა, განვიხილავთ მისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზების საკითხს და ამას უახლოეს მომავალში, ყველაზე ხელსაყრელ დროს გავაკეთებთ.“.