კრიშტიანუ რონალდუმ ორი გოლი გაიტანა — „იუვენტუსმა” მილანში, „ინტერთან”, 0:1 შემოატრიალა და იტალიის თასის პირველი ნახევარფინალური შეხვედრა 2:1 მოიგო. საპასუხო მატჩი ერთ კვირაშია.
35 წლის პორტუგალიელს ოთხი თამაშის განმავლობაში გოლი არ გაეტანა. ბოლოს, 10 იანვარს შეაგდო. და აი, ერთბაშად ორი გოლი.
თუმცა, თავიდან მასპინძლები დაწინაურდნენ — ლაუტარო მარტინესმა მე-9 წუთზე გამოიჩინა თავი.
„იუვენტუსმა” 26-ე წუთზე პენალტით გაქვითა. მსაჯმა თერთმეტმეტრიანი VAR-ის დახმარებით დანიშნა — ეპიზოდი ვიდეომონიტრზე თავად გადაამოწმა.
შეხვედრის მესამე გოლის ჩანაწერი კი შეგიძლიათ ქვემოთ ნახოთ და დარწმუნდეთ, რომ „ნეროაძურის” მეკარემ სლოვენიელმა სამირ ჰანდანოვიჩმა საჯარიმო მოედანი გაუმართლებლად დატოვა. სანამ ის ბურთისკენ მორბოდა, მას ალესანდრო ბასტონი დაეუფლა. 21 წლის მცველმა და 36 წლის მეკარემ მოქმედებები ვერ შეათანხმეს, რის შედეგადაც რონალდუმ მათ ბურთი წაართვა და მახვილი კუთხიდან, დაუცველ კარში, თავისი „სუსტი ფეხით” შეაგდო.
მატჩის შემდეგ, „იუვეს” თავკაცმა ანდრეა პირლომ თქვა: „როდესაც „ინტერს” ჩემპიონატში შვეხვდით (0:2), საკუთარ თავს არ ვგავდით. საბედნიეროდ, მწარე გაკვეთილმა ტყუილად არ ჩაირა. თავს შევუძახეთ და სუპერთასზე „ნაპოლის” 2:0 ძლევამ კვლავ დაგვარწმუნა, რომ ნებისმიერ შეჯიბრებაში შეგვიძლია გამარჯვება. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ჯერ არაფერი გაგვიკეთებია — ნახევარფინალის პირველი თამაში მვიგეთ და სულ ეს არის.
დღევანდელი შეხვედრისთვის კარგად მოვემზადეთ. მოედანზე საქმისადმი სწორი დამოკიდებულებით გავედით, ოღონდ ერთიცაა, როდესაც მიჯრით ამდენი თამაში გიწევს, ყოველ ჯერზე ასეთი ფეხბურთის ჩვენება ძნელია. და მაინც, ჩვენ ძლიერი მოთამაშეები გვყავს, როტაციის პრობლემა არ გვაქვს.
შესვენების შემდეგ ცოტათი დავთმეთ პოზიციები. „ინტერი” ქების ღირსია, თუმცა საბოლოოდ დამსახურებულად გავიმარჯვეთ.
რაც შეეხება რონალდუს, მან შესანიშნავად ითამაშა და ერთხელაც დაამტკიცა, რომ ჩვენთვის ფასდაუდებელი ფეხბურთელია”.