ბარსელონაში კვლავ ლეო მესის კონტრაქტის დეტალებსა და მათ პრესაში გაჟონვაზე ლაპარაკობენ. ამ თემასთან დაკავშირებული ბოლო ცნობა კი ის არის, რომ გადაცემა Gol a Gol-ში „ბარსელონას” გადამდგარმა პრეზიდენტმა ჟოზეპ მარია ბარტომეუმ შორს დაიჭირა — მესის შემოსავლების გასაჯაროებასთან არაფერ შუაში ვარო.
„ცნობა, თითქოს მესის შემოსავლების გასაჯაროებასთან რამე საერთო მაქვს, სრული ტყუილია, — თქვა 57 წლის მეწარმემ, რომელიც „ბლაუგრანას” 2014-2020 წლებში მართავდა, — და ეს არის სერიოზული ბრალდება, ვინაიდან ნებისმიერი ადამიანის კონტრაქტის დეტალების მედიაში გატანა დანაშაულია. ხელაღებით ბრალის დადება ძალიან ადვილია, მაგრამ მინდა ყველა გავაფრთხილო, რომ ასეთი საქციელი შეიძლება სასამართლოთი დასრულდეს. მესი რასაც იღებს, ყველაფერს იმსახურებს. მის შემოსავლებს აქვს როგორც პროფესიული ასევე კომერციული გამართლება. პანდემია რომ არა, „ბარსელონასთვის” ამ თანხების გადახდა სალაპარაკოც არ იქნებოდა”.