საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობა საპრეზიდენტო არჩევნები, აგერ, უკვე მეოთხედ დანიშნა, რადგან შარშან გამართული სამი მცდელობიდან შედეგი ვერც ერთმა მოიტანა.

ზამთარში ჯერ ირაკლი აბუსერიძემ და ბაჩო ხურციძემ გამგეობას არჩევნების გადადება მოსთხოვეს – აქაოდა ჯეროვნად მომზადება ვერ მოვასწარითო. თანხმობა მიიღეს, მაგრამ ახალი თარიღი უკვე პანდემიის გამძვინვარებას დაემთხვა და ეს ცდაც ფუჭი გამოდგა.

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები - 3 კანდიდატი ცნობილია - popsportბოლოს არჩევნები მაინც ჩატარდა – ზედ ახალი წლის წინ, 30 დეკემბერს. ბაჩო ხურციძე ამ არჩევნების დანიშვნისკენ აქტიურად მოუწოდებდა გამგეობას, მაგრამ ბოლოს… ბოიკოტი გამოუცხადა და მასთან ერთად დემარშს ხმის უფლების სუბიექტთა ბარე ნახევარმა მიმართა. უფრო მეტიც, ხურციძემ საჯარო რეესტრში იჩივლა.

რეესტრმა აბუსერიძის გაპრეზიდენტება არ დაარეგისტრირა და ნაკრების ექს-კაპიტანს იურიდიული ხარვეზების აღმოფხვრისთვის ერთი თვე მისცა. ეს ერთი თვეც გავიდა და ძველმა გამგეობამ პრეზიდენტის მ.შ. თორნიკე გოგებაშვილის პირით ახალი არჩევნები 24 თებერვლისთვის დანიშნა, ანუ გამოდის, რომ „აბუმ“ საჯარო რეესტრი 30 დეკემბრის არჩევნების ლეგიტიმურობაში ვერ დაარწმუნა…

ცნობისთვის: არჩევნები თავიდანვე დანიშნულ ვადებში რომ ჩატარებულიყო, გოჩა სვანიძე დამაჯერებლად გაიმარჯვებდა, მეორე ჯერზე მისი და აბუსერიძის შანსები დაახლოებით თანაბარი იქნებოდა; როცა პროცედურა როგორც იქნა და ჩატარდა, ირაკლიმ 31:10 მოუგო ექს-პრეზიდენტს, ახლა კი საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ რაღაც მანქანებით ფავორიტად ხურციძე იქცა, რომელსაც ადრე სულ რამდენიმე სუბიექტი თუ ემხრობოდა.

მოკლედ, ქართულ რაგბში საოცრებათა სერია გრძელდება და ვნახოთ, რას მოგვიტანს 24 თებერვალი… იქამდე კი 4 თებერვალს, ძველი მორაგბეები იუსტიციის სახლთან შეიკრიბებიან და სარაგბო საქმეებში სახელმწიფოს ჩარევას გააპროტესტებენ.