ჟოან ლაპორტამ ლეო მესის კონტრაქტის მდიდრული დეტალების პრესაში გაჟონვის შესახებ კვირასვე არაფერი თქვა, მაგრამ ორშაბათს კატალონიის რადიო RAC1-ში მივიდა და სხვასთან ერთად ამ საკითხზეც ილაპარაკა. მოგეხსენებათ, ლაპორტა „ბარსელონას” ყოფილი პრეზიდენტია, რომელიც კლუბს 7 წელი ხელმძღვანელობდა, ახლა კი 2010 წელს დაკარგული თანამდებობის დასაბრუნებლად იბრძვის.
„თუ არჩევნებში გავიმარჯვებ, ყველა ღონეს ვიხმარ მესი „ბარსაში” რომ დავტოვო, — თქვა 58 წლის ადვოკატმა, — მაქვს ინფორმაცია, რომ ლეო აქ ბედნიერია და სიამოვნებით განაახლებს კიდეც კონტრაქტს, მაგრამ ამისათვის საიმედო სპორტული პროექტი სჭირდება. ის უნდა დარწმუნდეს, რომ „ბარსელონა” იქნება გუნდი, რომელიც დიდი მიზნებისთვის იბრძოლებს.
გუშინ მე მას მესიჯი გავუგზავნე და ვურჩიე ახალ ამბებს ყურადღება არ მიაქციოს, რადგან „ბარსას” ქომაგებს მისი დარჩენა უნდათ.
ის, რაც მოხდა, გულსატკენია. ასეთი რამ „ბარსელონას” ვნებს. ეს ამბავი დიხაც, შეიძლებოდა მომხდარიყო გუნდში, რომელსაც არავინ ხელმძღვანელობს.
მინდა გითხრათ, რომ „ბარსას” დღევანდელი ფინანსური მდგომარეობა ლეოს კონტრაქტის ბრალი არ არის. მესი იმაზე მეტს გამოიმუშავებს, ვიდრე ჯდება. ეკონომიკურმა გუნდმა საკითხი შეისწავლა და დაადგინა, რომ „ბარსელონას” შემოსავლის მესამედი მას მოაქვს.
ის, რაც მესიმ ეკონომიკურად და ემოციურად გამოიმუშავა, ის, რაც მან ჩვენთვის გააკეთა, შეუფასებელია.
„ბარსელონას” 10 გაყიდული მაისურიდან რვას მესი აწერია. ჩვენდამი მთელი მსოფლიოს ინტერესიც მეტწილად მესის ფაქტორით არის განპირობებული.
ლეო რომ არ ყოფილიყო, ამდენ ჯილდოს ვერ მოვიგებდით.
რასაკვირველია, არსებობს ეკონომიკური მხარეც. ლეო კლუბის ხარჯთა 8,2 პროცენტია, მაგრამ გუნდი, რომელშიც ლეო თამაშობს, მუდამ დიდი წარმატებებისთვის იბრძვის და მესი მხოლოთ ფულის შოვნით არ არის შეპყრობილი. ჩვენ მის შესარჩუნებლად მახვილგონივრული ფორმულა უნდა მოვიფიქროთ. თუ მესი დარჩება, ეკონომიკურ წარმატებასაც მოიტანს. ჩვენ მას უნდა შევთავაზოთ ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელის საკადრისი კონტრაქტი, ოღონდ ამ კონტრაქტის პირობები, რასაკვირველია, ჩვენს შესაძლებლობებს არ უნდა აღემატებოდეს”.