რონალდ კუმანმა თქვა, რომ „ბარსელონასა” და ლეო მესის ავისმსურველები ჰყავს. ეს, მწვრთნელს არგენტინელის მდიდრული კონტრაქტის დეტალების „ელ მუნდოში” გაჟონვამ აფიქრებინა.
კუმანმა ამის შესახებ „ბარსას” და „ბილბაოს” გუშინდელი მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე ილაპარაკა. „ბლაუგრანამ” 2:1 მოიგო და „რეალის” მსგავსად 20 ტურის შემდეგ 40 ქულა აქვს. „ბარსელონა” ლა ლიგის ცხრილში მეორე ადგილზეა, „რეალი” — მესამეზე, ლიდერი კი 19 თამაშში მოკრებილი 50 ქულით „ატლეტიკოა”.
„ბილბაოსთან” გამარჯვების მიუხედავად, პრეს-კონფერენციაზე კითხვების უმეტესობა ლეო მესის შემოსავალს და ამ კონფიდენციალური ინფორმაციის „ელ მინდოში” გაჟონვას ეხებოდა.
„ის, რაც დღეს პრესაში დაიწერა, არის ბოროტი განზრახვა. მათ სურთ ავნონ ფეხბურთელს, რომელმაც ესპანურ ფეხბურთსა და ჩვენს კლუბს ძალიან ბევრი შესძინა, — თქვა კუმანმა, — მესიმ კი კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ბუნებით ლიდერია და ყველაფრის მიუხედავად, თამაშზე კონცენტრაცია შეუძლია.
ჩვენ უნდა ვცადოთ და გამოვიკვლიოთ, თუ როგორ მოხვდა პრესაში მისი კონტრაქტის დეტალები. ასეთი ინფორმაცია საჯარო არ უნდა იყოს. ხალხს, ვინც ეს ინფორმაცია გაიტანა, ჩვენთვის ცუდი უნდა.
და ძალიან ცუდია თუ ინფორმაციამ „ბარსელონადან” გაჟონა. ასეთ ადამიანებს კლუბში არაფერი ესაქმებათ. კლუბის თანამშრომლების მიზანი მხოლოდ ფეხბურთელებისა და მწვრთნელებისთვის გამარჯვებაში ხელის შეწყობა უნდა იყოს.
და კიდევ, არ მესმის, რატომ ამბობენ, რომ მესის კონტრაქტმა „ბარსელონა” დააქცია. ლეომ კლუბში ბევრი წელიწადი გაატარა და როგორც ფეხბურთელმა მაღალ დონეზე ითამაშა აჩვენა”.
გუშინდელ შეხვედრაში „ბილბაოს” კარში გოლები გაიტანეს მესიმ და ანტუან გრიზმანმა. ბასკების გოლი კი კატალონიელმა ჟორდი ალბამ თავის კარში შეაგდო.