„რეალმა” „ლევანტესთან” შინ დამარცხება (1:2) მოახერხა და ჩემპიონობისთვის ბრძოლაში მდგომარეობა გაიუარესა.

მადრიდელებმა ფაქტობრივად მთელი მატჩი ათი კაცით ითამაშეს — მე-9 წუთზე მილიტაომ სერხიო ლეონი ბოლო იმედის წესის დარღვევით წააქცია, რისთვისაც მსაჯმა დავიდ მედიე ხიმენესმა მოედნიდან გააძევა.

ამ გაძევებამ ზინედინ ზიდანის არყოფნაში (კორონავირუსს ებრძვის) დავიდ ბეტონის მომზადებულ გუნდს დაღი დაასვა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მოვლენები ჯერ მისთვის სასიკეთოდ წარიმართა: „რეალმა” მილიტაოს გაგდებიდან 4 წუთში ანგარიში გახსნა; ტონი კროოსის ბრწყინვალე გრძელი პასით მარკო ასენსიო სტუმართა კარისკენ გაიჭრა და გაიტანა.

ამის შემდეგ „ლევანტე” ყოჩაღობდა, თუმცა ტიბო კურტუამაც მიიპყრო ყურადღება დიდებულით თამაშით. „თეთრების” მეკარემ ერთ ეპიზოდში საოცარი რეაქცია გამოამჟღავნა და როხერ მარტის ზედიზედ ორი დარტყმა აუღო.

32-ე წუთზე ხორხე მირამონის ჩაწოდებული ბურთი ხოსე მორალესმა გაუჩერებლად, ტექნიკურად გადაგზავნა მადრიდელების კარში.

მეორე ტაიმში მსაჯმა „ლევანტეს” პენალტი დაარტყმევინა. ამ მომენტს ვიდეოზე გთავაზობთ და თავად განსაჯეთ სწორად მოიქცა თუ არა რეფერი, ერთი კი ფაქტია, რომ თუ ამ შეხვედრის შემდეგ „რეალს” რაიმეზე შეუძლია რიხიანად ლაპარაკი, ეს მსაჯობის საკითხია. ესპანეთში მადრიდელებს ხშირად სდებენ ბრალს, რომ ისინი არბიტრების კეთილგანწყობით სარგებლობენ, „ლევანტესთან” შეხვედრაში კი დავიდ მედიე ხიმენესმა სულ მცირე, „ლოს ბლანკოსის” სასარგებლოდ თვალი არაფერზე დახუჭა.

თუმცა, „რეალი” პენალტის გამო არ დამარცხებულა, რადგან კურტუამ როხერ მარტის ეს დარტყმაც აუღო.

თუმცა, როხერმა საბოლოოდ მაინც გაიტანა თავისი. 78-ე წუთზე მან გამარჯვების გოლი შეაგდო.

„ვფიქრობ, მსაჯის ნებისმიერ გადაწყვეტილებას კაცმა ასეც შეიძლება შეხედოს და ისეც. თქვენ, ყოველთვის ჩემზე უკეთ იცით სწორი გადაწყვეტილება მიიღო არბიტრმა თუ არა.

„ლევანტე” კი კარგი გუნდია, რომელიც ბურთს კარგად ათამაშებს. უმცირესობაში დარჩენილებს მათთვის სწორედ ბურთის წართმევა გაგვიჭირდა. შეტევაში მეტი სიზუსტე გვმართებდა”, — თქვა მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე კურტუამ.