ინგლისელმა ვეტერანმა და ტელემიმომხილველმა რიო ფერდინანდმა ფეხბურთელობის დროინდელი ამბავი გაიხსენა. ის კრიშტიანუ რონალდუს ეხება, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედმა” სიყმაწვილეში შეიძინა და ექვსი წლის შემდეგ „რეალს” უკვე სახელოვან მოთამაშედ მიჰყიდა. მადრიდელებმა მასში იმ დროისთვის გაუგონარი 94 მილიონი ევრო გადაიხადეს.

მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელის ყოფილი თანაგუნდელი, ფერდინანდი ამბობს, რომ  პორტუგალიელის ბიჭიდან კაცად გარდაქმნა მის თვალწინ მოხდა და ამასი ერთმა საგულისხმო ისტორიამ შეუწყო ხელი. ისტორიის მეორე მთავარი გმირი ჰოლანდიელი თავდამსხმელი რუდ ვან ნისტელროი გახლდათ.

„კრიშტიანუ წარმოუდგენლად ტექნიკური იყო და ხალხს ართობდა. მას ძალიან უყვარდა ფინტები. ტრიუკების გამო რონალდუს ვარჯიშებზეც აქებდნენ, მაგრამ ერთხელ ასეთი რამ მოხდა:

ეს ის დროა, როდესაც ვან ნისტელროი „მანჩესტერ იუნაიტედის” ვარსკვლავი იყო და ბევრი გოლი გაჰქონდა. ერთხელ, ვარჯიშზე, რონალდუმ ბურთი ფრთაზე მიიღო და შეუტია. ის ფინტებით მიიწევდა წინ. რუდი ამასობაში გავარდა და საჯარიმოში შეიჭრა, მაგრამ კრიშტიანუმ პასი არ მიაწოდა. ვან ნისტელროი გაგიჟდა: ეს ცირკში უნდა მუშაობდეს, მოედანზე რა ესაქმება! — ყვიროდა ის.

გაცეცხლებული ვან ნისტელროი მოედნიდან გავიდა, რონალდუ კი ნაწყენი და გაბრაზებული იდგა. „ასე რატომ მითხრა?” — იკითხა კრიშტიანუმ.

ის იმხანად 18-19 წლის ბიჭი იყო. ბევრი ყმაწვილი მის ადგილას საკუთარი თავის რწმენას დაკარგავდა, ზოგი ჯიბრზე გააგრძელებდა თავისებურად თამაშს, რინალდუმ კი იფიქრა, იქნებ რუდი მართალს მეუბნება და მთავარი ტრიუკები კი არა, პასები და გოლებიაო.

ჩვენ მას ვუთხარით, რომ მართალია, „მანჩესტერ იუნაიტედში” შვიდნომრიანი მაისურა აცვია, მაგრამ ამ ნომრით, ამ კლუბში, ჯორჯ ბესტი და დევიდ ბექემი თამაშობდნენ. და დავინახეთ, რომ მან პასუხისმგებლობა იგრძნო. ის ფიქრობდა, რომ წარსულის ვარსკვლავების სახელი და „იუნაიტედის” შვიდი ნომერი არ უნდა შეერცხვინა.

ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ფეხბურთით მასზე მეტად შეპყრობილი, მასზე თავდადებული და ძლიერი ფეხბურთელი არ შემხვედრია. ბედმა გამიღიმა, რონალდუ ბიჭიდან მამაკაცად ჩემს თვალწინ რომ გარდაიქმნა. ვარჯიშებზეც კი, ის გამარჯვებით და გადამწყვეტი გოლის გატანით იყო ავად.

ერთხელ კრიშტიანუს ჰკითხეს: ვინ არის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი? მე, — უპასუხა მან. დიახ, მას დიდი ეგო აქვს, მაგრამ იმავდროულად საოცრად თავმოყვარეა და ფანატიკოსი. ის ჩვენთან ბავშვი მოვიდა და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულით, „ოქროს ბურთით” დაგვტოვა”.