ძალიან სახალისოდ დაწერა „სანმა”: „ეს, რა ხდება?! ამ სეზონში პროგნოზებს თავი დაანებეთ. კაცმა არ იცის რა იქნება. შეიძლება ჩემპიონი „ვესტ ჰემი” გახდეს. მეტიც, შეიძლება „შეფილდ იუნაიტედი” ცხრილში მაღლა ავიდეს. ეს გუნდი აშკარად „დიდ გაქცევას” (სერიალია) აპირებს. ყოველ შემთხვევაში, ამ გამარჯვებით — ეს მათი მეორე გამარჯვება იყო — გვირაბის თხრა უკვე დაიწყეს”.

მწარე აუტსაიდერმა, „შეფილდ იუნაიტედმა” ლიდერ „მანჩესტერ იუნაიტედს” მანჩესტერში 2:1 მოუგო.

უკვე ის იყო გასაკვირი 23-ე წუთზე კინ ბრაიანმა ანგარიში რომ გახსნა. როდესაც ბრაიანი „მანჩესტერ სიტიში” ირიცხებოდა, პეპ გვარდიოლს მისთვის ხმა არ გაუცია, ახლა კი იქნებ დაურეკოს და მადლობა უთხრას, რადგან შეფილდელთა ამ გამარჯვების წყალობით „ქალაქელები” ცხრილში პირველ ადგილზე მოკალათდნენ.

ჰარი მაგუაირმა 64-ე წუთზე ანგარიში გაქვითა. შეგახსენებთ, რომ მაგუაირი 2011-14 წლებში „შეფილდ იუნაიტედში” თამაშობდა. და ამის მერე ყველას ეგონა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედს” წინ ვეღარაფერი დაუდგებოდა, მაგრამ ნურას უკაცრავად: ოლივერ ბურკმა, რომელიც მოედანზე 70-ე წუთზე შევიდა, 74-ზე სტუმრების გამარჯვების გოლი შეაგდო.

„სიტის” „იუნაიტედზე” ერთი თამაშით ნაკლები აქვს.