დავფიქრდი, რამდენი ხანია გულით და ხალისით საქართველოს ჩემპიონატის შეხვედრაზე არ წავსულვარ. ვალდებულების გამო და სამსახურებრივად კი არა – ალალად.
გამიჭირდა გახსენება.
არადა, ხომ იყო? ზოგადად კი არა და კონკრეტული კლუბების კონკრეტული მატჩებიც კი მახსოვს. მერე კი…
მერე რაღაცნაირად გავცივდი და დავშორდი. სხვა სხვის ომში ბრძენიაო, მაგრამ წლიდან წლამდე სადღაც ძალიან ცუდ ადგილში რომ მივექანებით, ვიღაცის დანაშაული ხომ არის?
სფფ-ის პასუხისმგებლობასა და უშედეგოდ გასროლილ 211 მილიონზე „სარბიელი“ უკვე წერდა. აღარ გავიმეორებთ და ახლა კლუბებისაც ვთქვათ.

შედეგი? გაიხსენეთ ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოდან განხორციელებული ყველაზე ძვირი ტრანსფერი.
გაიხსენეთ ყველაზე სოლიდური კლუბი, რომელშიც ფეხბურთელი საქართველოს ჩემპიონატიდან გადავიდა.
დიდად ვერაფრით ვინუგეშებთ თავს. პერიოდულად ახალი საფეხბურთო მოედნის გახსნას რომ გვამცნობენ, დიდებულია, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი წახნაგია. ქართული ფეხბურთი ტოტალური მუქთახორობის და „ატკატების“ ეპოქაში ცხოვრობს და ბევრ ე.წ. „უპატრონო“ ტალანტს კლავს.
სამაგიეროდ ურთიერთობებია „ჯიგრული“ და პრობლემებზე ყველა დუმს.
ყველაფრის თავი და თავი კი დოტაციური ფულია. დაგვპირდნენ, რომ 2021 წლიდან ქართული ფეხბურთი სახელმწიფოსგან დაფინანსებას არ მიიღებს, მაგრამ ამან პერსპექტივა უფრო ბუნდოვანი გახადა.

უფსკრულს უფსკრული აღარ აქვს და თუ სფფ საკლუბო ფეხბურთში გამეფებულ განუკითხაობას არ აღკვეთს, ვერც პასუხისმგებლობას აიცილებს.