„ჩელსის” ახალი მწვრთნელი თომას ტუხელი გახდება. მის წინაშე დგას კონკრეტული და მკაფიო ამოცანა: დასავლეთლონდონელებმა ჩემპიონის ტიტულისთვის ამ სეზონშივე უნდა იბრძოლონ.

კლუბის ლეგენდა ფრენკ ლემპარდი კი გუშინ მოხსნეს. როგორც „ჩელსის” შეფებმა თქვეს, მის ხელში, ბოლოს, გუნდს საკუთარი შესაძლებლობებისა აღარ სწამდა. ლემპარდი სამსახურიდან დირექტორმა მარინა გრანოვსკაიამ და თავმჯდომარემ ბრუს ბაკმა გაუშვეს. ისინი იმედოვნებენ, რომ ტუხელი „ლურჯებს” ხვალვე ჩაუდგება სათავეში — „ჩელსი” „ვულვერჰემპტონს” მასპინძლობს.

47 წლის ტუხელი გუნდს მეცხრე ადგილზე იბარებს. „ჩელსი” მეოთხე ადგილს ხუთი ქულით ჩამორჩება, ლიდერი, „მანჩესტერ იუნაიტედი” კი 11 ქულით არის წინ. და რად უნდა დიდი მიხვედრა, რომ „პარი სენ ჟერმენისა” და „დორტმუნდის” ყოფილი თავკაცი პირდაპირ წნეხში ყოფს თავი.

ლემპარდმა გამოსამშვიდობებელი სიტყვა დაწერა:

„ჩელსის” მწვრთნელობა პრივილეგია და პატივი იყო. ეს კლუბი დღემდე ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილია. 

უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა ვუთხრა ფანებს იმ ენითაუწერელი თანადგომისთვის, რომელსაც ბოლო 18 თვის განმავლობაში ვგრძნობდი. იმედი მაქვს, კარგად იციან, თუ რამდენს ნიშნავდა მათი მხარდაჭერა ჩემთვის. 

როდესაც მწვრთნელის როლი ვიტვირთე, კარგად მესმოდა, კლუბისთვის რთულ დროში, რა გამოწვევების წინაც ვიდექით. დღეს მე ვამაყობ იმით, რასაც მივაღწიეთ. ვამაყობ აკადემიის ფეხბურთელებით, რომელთაც დიდ გუნდში პირველი ნაბიჯები გადადგეს. სწორედ ისინი არიან ამ კლუბის მომავალი.

გული მწყდება, რომ ამ სეზონში გუნდის წინ, შემდეგი ეტაპისკენ წასაყვანად დრო არ მომეცა.

მსურს მადლობა გადავუხადო ბატონ აბრამოვიჩს, დირექტორატის წევრებს, ფეხბურთელებს, ჩემს ასისტენტებს და ყველას, მათი შრომისა და თავდადებისთვის. განსაკუთრებით იმის გამო, რომ უპრეცედენტო გამოწვევების დროს მხარში მედგნენ.

„ჩელსის” შეფებმა მწვრთნელის შეცვლა იმიტომ გადაწყვიტეს, რომ მათი აზრით ოთხეულისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ შესაძლებელია. კლუბის მეპატრონემ, რომან აბრამოვიჩმა, ზაფხულში, სატრანსფერო ბაზარზე დაახლოებით 220 მილიონი გირვანქა დახარჯა და ელოდა, რომ ამ ფულად უკეთეს შედეგს მიიღებდა. რეალურად, საქმე სხვანაირად წავიდა: ლემპარდს, აბრამოვიჩის ხანაში გამოცვლილ 11 მწვრთნელს შორის ერთ შეხვედრაში მოპოვებული ქულების ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს.

გუშინ, მრჩეველმა და ახლო წარსულში დიდებულმა მეკარემ პეტრ ჩეხმა ფეხბურთელები დილის ვარჯიშის ნაცვლად 14 საათზე დაიბარა და მდგომარეობა აუხსნა, შემდეგ კი მოთამაშეების წინაშე გრანოვსკაია გამოვიდა და ბიჭებს სიტყვით მიმართა.

ფრენკ ლემპარდის გაშვებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა თვით აბრამოვიჩმაც, რომელიც, როგორც წესი, ჩრდილშია.

აბრამოვიჩი: „ლემპარდის მოხსნა კლუბისთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იყო, დიდწილად იმიტომ, რომ მე ფრენკთან ჩინებული პირადი ურთიერთობა მაქვს და უდიდეს პატივს ვცემ მას.

ის უკიდურესად წესიერი ადამიანია, რომელიც მუშაობის დიდი ეთიკით გამოირჩევა. თუმცა, შექმნილ ვითარებაში, ჩვენ მწვრთნელის შეცვლა ვამჯობინეთ”.

შემდეგ იყო ჩვეულებრივი მადლობა გაწეული შრომისთვის და ასე შემდეგ.

ამბობენ, რომ ლემპარდის გაშვების ერთ-ერთ მიზეზად გერმანელი კაი ჰავერცის ცუდი ფორმა იქცა. მასში აბრამოვიჩმა 62 მილიონი გირვანქა გადაიხადა, მაგრამ ფეხბურთელი ვერა და ვერ შეერწყა „სტემფორდ ბრიჯს”.

არეულა ურთიერთობებიც. კერძოდ, ლემპარდსა და გრანოვსკაიას შორის შავ კატას გაურბენია. ამბობენ, ერთსულოვნებით გუნდიც ვეღარ დაიკვეხნიდაო.

რაც შეეხება ტუხელის მისვლასთან დაკავშირებულ პრობლემებს: ჯერ ერთი ბრექსიტმა განაპირობა ის, რომ ევროკავშირელ გერმანელს თავიდან მხოლოდ 18 თვიანი კონტრაქტის გაფორმების უფლება ექნება. სავარაუდოდ, გასავლელია რთული ბიუროკრატული ლაბირინთიც, სადაც მის წარმომადგენლებს ბევრი საბუთის წარდგენა მოუწევთ.

გარდა ამისა, კორონაპანდემიის გამო, წესით ტუხელი კარანტინშიც უნდა მოხვდეს, მაგრამ „ჩელსის” შეფებს ეგრეთწოდებულ ელიტურ სპორტთან დაკავშირებული ზოგიერთი პუნქტის, სხვა სიტყვებით, შეღავათის იმედი აქვთ და როგორც ზემოთ მოგახსენეთ, არ არის გამორიცხული, გერმანელმა ხვალ „ჩელსის” „ვულვერჰემპტონთან” უხელმძღვანელოს. რასაკვირველია, ტუხელს ტესტს ჩაუტერებენ.

რაც შეეხება, ლემპარდის კონტრაქტს და ამ კონტრაქტით გათვალისწინებულ ფულს, ითქვა, რომ აბრამოვიჩი „ჩელსის” ყოფილ ვარსკვლავს დარჩენილი წელიწადნახევრის თანხას სრულად გადაუხდის.