„ძალიან დაგვწყვიტე გული. მადლობა, ლეგენდავ! შენ მუდამ იყავი და ისევ დარჩები ჩვენთან” – ეს სიტყვები ოლიმპიურ ჩემპიონ ლადო ხინჩეგაშვილს ეკუთვნის.
დღეს 74 წლის ასაკში ლეგენდარული ქართველი მწვრთნელი ნუგზარ სხირელი გარდაიცვალა. ლადო ხინჩეგაშვილი ერთადერთი არაა, ვინც ბატონმა ნუგზარმა დააფრთიანა – ის ხომ სამგზის მსოფლიო ჩემპიონი გენო პეტრიაშვილის პირადი მწვრთნელიც იყო.
ნუგზარ სხირელზე ბევრის თქმა შეიძლება, თუმცა იმავე ლადო ხინჩეგაშვილმა 2018 წელს გორში მისი ბიუსტის გახსნისას თქვა:
„მანამ გორს მხოლოდ ძიუდოთი იცნობდნენ. ბატონმა ნუგზარმა თავისუფალი ჭიდაობის სკოლა გახსნა და ახლა გორი საქართველოში ამ სახეობაშიც ერთ-ერთი საუკეთესოა”.
გორის საჭიდაო სკოლა საუკეთესო ძეგლია ნუგზარ სხირელისთვის, მისი ბიჭები კი კიდევ არაერთ მედალს მიუძღვნიან.
მადლობა, ლეგენდავ, და მშვიდობით!