საინტერესოდ წერს „დეილი მეილი”, ფინალი ორნაირი არსებობს, ერთი, რომელიც დიდი ასოთი უნდა დაწერო და მეორე — პატარათიო. ჩვენ, ქართველებს, დიდი და პატარა ასო არ გვაქვს, ამიტომ ინგლისელი ჟურნალისტის აზრი ასე ვთარგმნოთ: ფინალი ორნაირია, ერთი, რომელიც დიდ სტადიონებზე იმართება, ბოლოს გამარჯვებულს თასს გადასცემენ და მის პატივსაცემად სადღესასწაულო მელოდიას უკრავენ და მეორე — მეტაფორული, რომლის ბოლოსაც არავინ არავის აჯილდოებს, მაგრამ ეს თამაში დაძაბულობითა თუ სხვა პარამეტრებით ფანფარებიან თამაშებს არ ჩამოუვარდება.

გაზეთის აზრით, „ლივერპულთან” გუშინდელ მატჩამდე, „მანჩესტერ იუნაიტედს”, მიმდინარე სეზონში, ორი ფინალი უკვე ნათამაშევი და წაგებული ჰქონდა. პირველი გახლდათ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა „ლაიპციგთან”, რომელშიც მანკუნიანელებს ფრე სჭირდებოდათ, მაგრამ 69-ე წუთისთვის 0:3-ს აგებდნენ და საბოლოოდ, 2:3 დამარცხდნენ; მეორე კი იყო დაპირისპირება „კარაბაოს თასზე”, თანაქალაქელ „სიტისთან”, რომელშიც „ხმაურიანმა მეზობლებმა” უბრალოდ აჯობეს (2:0) და ახლა, ჯილდოსთვის „ტოტენჰემს” ხვდებიან.

და აი, მესამე ფინალი. პრინციპული თამაში „ლივერპულთან”, რომლისნაირებსაც ინგლისში ასე ეძახიან: ყველაფერი გამარჯვებულს! ის „იუნაიტედმა მოიგო — 3:2.

ასოციაციის თასის მეთექვსმეტედფინალური შეხვედრა ისტორიული მიზეზების გარდა იმიტომაც იყო მნიშვნელოვანი, რომ „იუნაიტედი” ფინალების მოგებაში ვარჯიშობდა — ოლე გუნარ სულშერის გუნდი პრემიერლიგის ლიდერია და ამიერიდან ყველა თამაში ფინალური აქვს. ოთხშაბათს, „შეფილდ იუნაიტედთან” — ფინალია. შაბათს, სტუმრად „არსენალთან” — ფინალია. ამ სეზონში „არსენალს” „სიტიმაც” მოუგო, „ლივერპულმაც”, „ტოტენჰემმაც” და „ლესტერმაც”, ასე რომ „იუნაიტედს” ჩრდილოლონდონელებთან სამი ქულის დაკარგვის უფლება არ აქვს.

გასაგებია, თუ რატომ ჰქონდა სულშერს გახარებული სახე გასახდელში შესვლისას. შობის შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედი” გახდა პირველი გუნდი, რომელსაც „ლივერპულმა” ორი გოლი გაუტანა (თუ „ასტონ ვილას” საყმაწვილო შემადგენლობას არ ჩავთვლით), მაგრამ ის ამის გამო არ დამარცხებულა; პირიქით, მოიგო. ეს კი ნიშნავს, რომ „იუნაიტედი” მენტალურად ძლიერდება.

მანკუნიანელები, როგორც სჩვევიათ, თავიდან ჩამორჩნენ მეტოქეს, მაგრამ ძალები მოიკრიბეს, წინ გავიდნენ და მართალია, „ლივერპულმა” გაქვითა, ბოლოს ბრუნო ფერნანდეშის ჩინებულად შესრულებული საჯარიმო დარტყმით გაიმარჯვეს.

საინტერესო სტატისტიკაა: ფერნანდეში პორტუგალიიდან ინგლისში შარშან, 1 თებერვალს გადავიდა და მას მერე პრემიერლიგის ფეხბურთელებს შორის ყველაზე მეტი, 28 გოლი გაიტანა.

ბურთის „ლივერპულის” კარში შეგდებით მან ინგლისში თავის ყველაზე ხანგრძლივ უგოლო პერიოდს დაუსვა წერტილი — 4(!) შეხვედრაში არ ჰქონდა გოლი გატანილი.

თუ წლეულს, „მანჩესტერ იუნაიტედი” ლეგენდარული სერ ალექს ფერგიუსონის შემდეგ პირველ ტიტულს მოიპოვებს, სადავო არაფერი იქნება იმაში, რომ ამ კლუბისთვის ბრუნო ფერნანდეშის შეძენა ისეთივე საეტაპო იყო, როგორც, თავის დროზე, ვირჯილ ვად დაიკის შეძენა „ლივერპულისთვის”.

და მართალია, „ლივეპულისთვის” ყველა წარუმატებლობის ვან დაიკის ტრავმით გამართლება სწორი არ იქნება, კვირას, ჰოლანდიელის არყოფნა და დაცვის შეცდომები აშკარად შესამჩნევი იყო.

მერსისაიდელთაგან ორივე გოლი მო სალაჰმა გაიტანა, მანჩესტერელთაგან კი ბრუნო ფერნანდეშის გარდა თავი გამოიჩინეს მეისონ გრინვუდმა და მარკუს რეშფორდმა.