„მანჩესტერ იუნაიტედი” და „ლივერპული” ერთმანეთს ყველაფერში ეჯიბრებიან, მათ შორის 55 მილიონ გირვანქად შეფასებული ცენტრალური მცველის დაიოტ უპამეკანოს ყიდვაში. მერსისაიდელთა მწვრთნელს, იურგენ კლოპს, „ლაიპციგიდან” 22 წლის ფრანგის გადაბირება კარგა ხანია სურს — უნდა, დაშავებული ვირჯილ ვან დაიკის ადგილას ათამაშოს, — მაგრამ ბოლოს წამოცდა, ამ იანვარში არავის ვიყიდიო და „იუნაიტედის” თავკაცმა ოლე გუნარ სულშერმაც გადაწყვიტა მომენტი ხელიდან არ გაუშვას. უპამეკანოს სულშერიც მთელი წელიწადია აკვირდება და ზაფხულში სცადა კიდეც მისი „ოლდ ტრეფორდზე” წაყვანა, რაც თითქმის გამოუვიდა.
აქ, სიტყვა „თითქმის” იმას ნიშნავს, რომ წარმოშობით გვინეა ბისაუელი მოთამაშის ყიდვისგან „იუნაიტედმა” ბოლოწამს შეიკავა თავი. მიზეზი: მცველის მამამ გვარიანი მადა გამოამჟღავნა.
თუ მაინც ისე მოხდება, რომ მანჩესტერელები „ლივერპულთან” უპამეკანოსთვის ბრძოლას ახლა წააგებენ, ზაფხულში, სავარაუდოდ, რაფაელ ვარანის გამოსასყიდად „რეალს” მიაკითხავენ. 27 წლის ვარანის ამბავი ესპანური გაზეთებისგან გახდა ცნობილი. ფრანგ მსოფლიოს ჩემპიონს თურმე მადრიდიდან წასვლა უნდა — 2011 წლის შემდეგ თეთრი ფორმით 17 ჯილდო მოიგო და ეტყობა „დანაყრდა”.
ვარანს „რეალთან” კონტრაქტის ვადა 2021-22 წლების სეზონის ბოლოს გაუდის. თუ მას „სანტიაგო ბერნაბეუს” დატოვება მართლა ასე პრინციპულად აქვს გადაწყვეტილი, მაშინ „ლოს ბლანკოსს” უჯობს ის ამ ზაფხულსვე გაყიდოს, სანამ ფულის აღების შანსი ჯერ კიდევ არსებობს.
ზემოთ ვთქვით, რომ კლოპმა იანვარში სატრანსფერო ბაზარზე გასვლისგან თავი შეიკავა, სამაგიეროდ, ზაფხილში აპირებს აქტიურობას. „ლივერპულთან” დაახლოებული წყაროები ამბობენ, რომ გერმანელის გეგმებში ნამდვილად შედის უპამეკანოს ყიდვა, ასე რომ თუ საქმე ზაფხულამდე მივა, „ლივერპულსა” და „მანჩესტერ იუნაიტედს” შორის დიდი ვაჭრობაა მოსალოდნელი.
ინგლისური „სანი” კი სურათის სისრულისთვის წერს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედს” დაიო უპამეკანოს შეძენა მაშინაც უნდოდა, როდესაც ფეხბურთელი 16 წლის იყო, მაგრამ მისმა მაშინდელმა გუნდმა „ვალანსიენმა” 700 000 გირვანქა მოითხოვა, რაც „ოლდ ტრეფორდზე” ეძვირათ.