„ფული გადაიხადეთ ან დაგვიბრუნეთ ჰაკიმი!” — ასეთი სათაურით გამოვიდა შაბათს იტალიური გაზეთი „კორიერე დელო სპორტი”. იგულისხმება, რომ ამ სიტყვებს „რეალი” ეუბნება „ინტერს”.
წინაისტორია ამგვარი გახლავთ: სექტემბერში, 22 წლის მაროკოელი მცველი „ინტერმა” „რეალისგან” 40 მილიონ ევროდ იყიდა. შეთანხმების შესაბამისად, მილანელებს მადრიდელთა ანგარიშზე თანხა ოთხ ნაწილად უნდა გადაერიცხათ. პირველი გადახდა დეკემბერში უწევდა, მაგრამ, ვაგლახ.
კაცობრიობას ტვინსა და ჯიბეს კორონაპანდემია უჭამს. ცუდ დღეშია „ინტერიც”, რომელიც ფეხბურთელებს დიდძალ ხელფასებს უხდის მაგრამ, როგორც ჩანს, ამდენი ფულის გაცემას ვეღარ აუდის. ამბობენ, რომ კლუბის მფლობელი ჩინელი ინვესტორები „ნეროაძურის” გაყიდვაზეც კი ფიქრობენ. ერთი სიტყვით, აშრაფ ჰაკიმის ფულის პირველი ნაწილი „ინტერმა” ვერ გადაიხადა.
ბოლო ცნობების თანახმად, მადრიდელებმა და მილანელებმა ვითარებას გადახედეს და მოილაპარაკეს, რომ ფული „რეალის” ანგარიშზე მარტში დაჯდება, მაგრამ ესპანეთის დედაქალაქში „ინტერს” თურმე ბოლომდე ვეღარ ენდობიან და სამარქაფო ვარიანტად ის დაიტოვეს, რაც „კორიერე დელო სპორტმა” ჰედლაინად აქცია.
სხვა საქმეა, რომ CalcioMercato.com-ის ინფორმაციით, „რეალისა” და „ინტერის” ხელშეკრულებაში ჰაკიმის უკან წაყვანის პუნქტი არ არსებობს.
„მარკა” წერს, ჭორებს ნუ აჰყვებით, ორ კლუბს შორის შესანიშნავი ურთიერთობაა და ყველაფერი მოგვარდებაო. ამასობაში კი ჰაკიმიმ, რომელიც „რეალს” ორი წელიწადი „დორტმუნდში” ჰყავდა იჯარით გაშვებული, „შავ-ლურჯი” ფორმით 24 თამაში ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი ჩააწოდა.