კრიშტიანუ რონალდუმ საუდის არაბეთს უარი შეუთვალა, თქვენი ტურიზმის სახე არ გავხდებიო. პორტუგალიელ ვარსკვლავს წელიწადში 6 მილიონ ევროს სთავაზობდნენ. ის სარეკლამო კლიპებში უნდა გადაეღოთ — ხალხი საუდის არაბეთში უნდა მიეპატიჟებინა. გარდა ამისა, რონალდუს იმიჯს ყველა ზომისა და ფორმის პლაკატებზეც გამოიყენებდნენ.
ისე დამკვიდრდა, რომ სადაც რონალდუს ახსენებენ, იქვე მესისაც ამბობენ ხოლმე: გამოჟონა ინფორმაციამ, რომ საუდელებმა არგენტინელსაც მიმართეს. მისი პასუხი უცნობია.
ინგლისურმა „დეილი ტელეგრაფმა” კომენტარი სთხოვა როგორც რონალდუს ასევე მესის წარმომადგენლებს, მაგრამ ორივე ბანაკიდან უარი მიიღო.
საუდის არაბეთმა წამოიწყო კამპანია „ეწვიეთ საუდეთს” (Visit Saudi), რომლის წყალობითაც ქვეყანას მსოფლიოს უდიდეს ტურისტულ ჰაბად სურს გადაქცევა.
რა აბრკოლებს საუდელებს? ყველაზე მეტად ადამიანის უფლებათა საკითხი — მსოფლიოში ქვეყნის რეპუტაცია შელახულია. გარდა ამისა, როგორც ყველგან, ახლა საუდის არაბეთშიც covid 19 მძვინვარებს და კიდევ, Visit Saudi-ს რეკლამებში ამბობენ, რომ საუდეთში შესასვლელად ვიზებია საჭირო.
სამეფოს, მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე წარმატებული იმიჯის მქონე ორ ვარსკვლავთან პარტნიორობა რასაკვირველია დიდად წაადგებოდა, მაგრამ რა მიხვედრა უნდა, რომ ამ ვარსკვლავებს საუდეთთან თანამშრომლობა ძვირად დაუჯდებათ — კრიტიკის ქარ-ცეცხლში აღმოჩნდებიან.
საუდის არაბეთი სპორტს ქვეყნის პოპულარიზაციისთვის იყენებს. ამ პროექტის ფარგლებში მან გასული წლის იანვარში, ჯედაში, ესპანეთის სუპერთასსაც კი უმასპინძლა — მინი ტურნირში ერთმანეთს „ბარსელონა”, „რეალი”, „ატლეტიკო” და „ვალენსია” დაუპირისპირდნენ.
„ბარსელონას” მაშინდელმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ თქვა: „ჩვენ აქ ფულითვის ჩამოვედით”.
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას საუდეთთან სამწლიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული, რომლის ღირებულება დაახლოებით 115 მილიონი ევროა. ამ კონტრაქტის თანახმად ესპანეთის სუპერთასის შეხვედრები სწორედ არაბეთის ნახევარკუნძულზე მდებარე მძლავრ ქვეყანაში უნდა გაიმართოს, მაგრამ წლეულს გეგმა კორონაპანდემიამ არია.
მესი კი ერ-რიადში 2019 წელსაც იყო, როდესაც ამხანაგურ მატჩში არგენტინისა და ბრაზილიის ნაკრებები გადაიკვეთენ. მაშინ, მსოფლიოს ექვსგზის საუკეთესო ფეხბურთელი ტურკი ალ-შეიხთან იყო დაპატიჟებული — ტურკი ალ-შეიხი სამეფოს „გართობათა გენერალური სამმართველოს” თავმჯდომარეა. ის ფლობს ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის კლუბ „ალმერიას”.