რა ცუდია ყველაფერი დაკეტილი რომ არის, ეშლი ბარნსი გინდა მანჩესტერის და გინდა ლესტერის ნებისმიერ პაბში შევიდოდა, გემრიელად გამოთვრებოდა და პენის არავინ გადაახდევინებდაო. გუშინ ბარნსმა, „ენფილდზე”, გაიტანა გოლი, რომელმაც ამ სტადიონზე, „ლივერპულის” წაუგებელ სვლას 68 მატჩზე დაუსვა წერტილი და ზოგი მიმომხილველის აზრით, მერსისაიდელთა გუნდში ბზარები გააფართოვა.

„ბარნლიმ” „ლივერპულს” ლივერპულში მოუგო 1:0. შედეგად, ცხრილის ორივე ბოლოში მდგომარეობა გამწვავდა. პრემიერლიგაში ბრძოლა კიდევ უფრო საინტერესო გახდა.

და კიდევ ერთი: ყველას ეგონა, რომ მცველების ტრავმის გამო „ლივერპულს” დაცვაში გაუჭირდებოდა, მათ კი უკვე 438 წუთია გოლი არ გაუტანიათ.

პასუხი „წითლების” თავკაც იურგენ კლოპს მოეთხოვება. ამას გერმანელი, ცხადია კარგად გრძნობს და ნერვებს არის აყოლილი — შესვენებისას კოლეგას, „ბარნლის” თავკაც შონ დაიკს წაეჩხუბა, თუმცა პრეს კონფერენციაზე თქვა, კამათი მე არ დამიწყიაო.

„თუ შონ დაიკმა არაფერი მოყვა, მაშინ მეც არაფერს ვიტყვი,” — ასეთი იყო კლოპის პოზიცია.

უცხო თვალისთვის კი ის ჩანდა, რომ პირველის ტაიმის ბოლოს, როდესაც ფაბინიოსა და ეშლი ბარნსს ინციდენტი მოუვიდათ, კლოპი გაცხარდა და დაიკს რაღაცის ყვირილი დაუწყო. ინციდენტი ასეთი იყო: ბარნსი ფაბინიოსთან შეჯახების შედეგად წაიქცა, ეშლი ვესტვუდმა კი გადაწყვიტა თანაგუნდელს გამოქომაგებოდა და ფაბინიოსთვის ჭკუა ესწავლებინა. ვესტვუდი ენდი რობერტსონმა გაარიდა იქაურობას.

ინგლისში წერენ, რომ მერსისაიდელთა დღევანდელ მდგომარეობას კრიზისი ჯერ მაინც არ ჰქვია, მაგრამ „ენფილდზე” შფოთვის საფუძველი არსებობს.

„ლივერპულს” წინა თამაში „მანჩესტერ იუნაიტედთან” ჰქონდა (0:0) და იმ შეხვედრასთან შედარებით, კლოპმა შემადგენლობა სამი კაცით გადაასხვაფერა, მაგრამ ამან სასურველი შედეგი არ მისცა.

გოლების პრობლემამ კლოპი აიძულა თავდასხმაში ერთგვარი ექსპერიმენტი ჩაეტარებინა — პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი მო სალაჰი და ბობი ფირმინო სათადარიგოთა სკამზე დაესვა — თუმცა, 57-ე წუთზე სხვა გზა აღარ ჰქონდა და ორივე ჩართო საქმეში.

შეხვედრის ერთადერთი გოლი კი 83-ე წუთზე ბარნსმა პენალტით შეაგდო.

ახლა, „ლივერპული” მეოთხე ადგილზეა და ლიდერ „მანჩესტერ იუნაიტედს” 6 ქულით ჩამორჩება.