„იუვენტუსი“ იტალიის სუპერთასის მფლობელია. მე-10 წელიწადია ტურინული გრანდი მინიმუმ ტიტულს იგებს და ეს უდიდესი ისტორიის კლუბისთვის, ცხადია, ცალკე აღსანიშნი მონაკვეთია. 2012 წლიდან 2020 წლამდე სკუდეტოსთან ერთად „იუვე“ ხან სუპერთასს იგებდა, ხანაც – თასს. 2021 კი სუპერთასით დაიწყო და წინ კიდევ რა იქნება, კაცმა არ იცის, თუმც ჩანს, რომ წლეულს ჩემპიონობის შენარჩუნება ტურინელებს გაუჭირდებათ.
სამაგიეროდ, „ნაპოლისთან“ შეხვდერისას დადასტურდა კრიშტიანუ რონალდუს მორიგი მიღწევაც. პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ნეაპოლელებს ორი უპასუხოდან პირველი გაუტანა, ოფიციალურ მატჩებში გატანილი 760 გოლი მოუგროვდა და… ამდენი ბურთი ფეხბურთის ისტორიაში არავის შეუგდია. რონალდუმ იოჟეფ ბიკანის რეკორდი მოხსნა.
რონალდუმ 5 გოლი „სპორტინგში“ თამაშისას გაიტანა, 118 ბურთი „მანჩესტერში“ შეაგდო, 450 რეალში, 85 – „იუვენტუსში“, 102 კი პორტუგალიის ეროვნულ გუნდის მაისურით. ის უახლოვდება სანაკრებო რეკორდსაც – დღესდღობით, ნაკრებში თამაშისას ყველაზე მეტი, 109 გოლი ირანელი ალი დაეის ანგარიშზეა, კრიშტიანუს კი მიზნამდე რვა გოლი დარჩა, რაც მისთვის, დაგვეთანხმებით, სულ რამდენიმე თამაშის ამბავია.
რონალდუმ მიმდინარე სეზონში 20 მატჩი ჩაატარა და 19 გოლი გაიტანა.