ფრენკ ლემპარდმა თქვა, „ჩელსი” უმაღლესი ადგილებისთვის საბრძოლველად მზად არ არისო. ამას არც უნდა დიდი მიხვედრა, რადგან გუნდი, რომელიც ბოლო ხუთი სტუმრობიდან შინ ოთხჯერ დამარცხებული დაბრუნდება, ჩემპიონობას ვერ შეძლებს.
„ლესტერ სიტის” მოთამაშეებმა ვილფრედ ნდიდიმ და ჯეიმს მედისონმა დასავლეთლონდონელებს პირველ ტაიმში გაუტანეს ორი უპასუხო გოლი — 2:0. „მელიები” პრემიერლიგის ცხრილს თავში მოექცნენ. ახლა ისინი „ჩელსის” 9 ქულით უსწრებენ. ლემპარდის გუნდისთვის უსიამოვნოა ისიც, რომ ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელ ადგილს 5 ქულით ჩამორჩება; მერვეზეა.
ამ შეხვედრაში „ჩელსის” იღბალმაც აქცია ზურგი: როდესაც ანგარიში იყო 1:0, „ლურჯების” სასარგებლოდ პენალტი დაინიშნა, მაგრამ VAR-მა ეპიზოდი შეამოწმა და დაადგინა, რომ ჯონი ევანსმა კრისტიან პულიშიჩი საჯარიმოში კი არა, მის გარეთ წააქცია. თამაშის დამთავრებამდე სულ ცოტა ხნით ადრე კი ტიმო ვერნერმა გოლი გაიტანა, რომელიც ოდნავი ოფსაიდის გამო არ ჩაითვალა.
მაგრამ, უიღბლობა თავის გასამართლებლად ყოველთვის არ ივარგებს. „ჩელსის” მეპატრონემ რომან აბრამოვიჩმა სეზონის წინ ვერნერში, ჰაკიმ ზიეშში, კაი ჰავერცსა და ბენ ჩილუელში 230 მილიონი გირვანქა გადაიხადა და მალე ალბათ მწვრთნელს პასუხს მოსთხოვს.
ლემპარდმა თქვა: „ზეწოლას კარგად ვუძლებ. როდესაც „ჩელსის” მწვრთნელობას ვთანხმდებოდი, ვიცოდი, რომ აუცილებლად მომიწევდა რთული დროების გადატანა. მე ხომ მივედი გუნდში, რომელიც დიდი მიზნებისთვის მზად არ იყო. გაიხსენეთ, ტრანსფერები აკრძალული გვქონდა, გუნდში გვყავდა ბევრი ახალგაზრდა და ახალი ფეხბურთელი… მესმის, რომ „ჩელსისგან” მაინც ყოველთვის წარმატებას ელიან, მაგრამ დღეს ის გუნდი აღარ ვართ, რომელიც ყველაფერს იგებდა. აღარც ის გამოცდილებაა, აღარც საიმედოობა და აღარც თანმიმდევრულობა.
ჩემი მომავალი კი ჩემს ხელში არ არის, მაგრამ მე რომ ხალხის რეაქციას დრო დავუთმო, მთელი დღე აქ უნდა ვიჯდე და ვინერვიულო. დღეს ჩვენზე უკეთესმა გუნდმა მოგვიგო. შეხვედრაში იყო მომენტები, როდესაც ჩაგვეძინა. არადა, იმისათვის რომ გაიმარჯვო, უნდა ირბინო, წაფორხილდე, წაიქცე, მერე წამოდგე და ისევ ირბინო. „ლესტერი” ჩვენზე მწვავედ თამაშობდა და ჩვენზე მეტს დარბოდა. ერთი თვის წინ, ჩვენც კარგად ვთამაშობდით, მაგრამ მოვდუნდით, ფეხბურთმა კი პატიება არ იცის”.