ხუთშაბათს, „ბარსელონა” ესპანეთის სამეფო თასზე „კორნელას” სტუმრობს. ამ შეხვედრის მსაჯად ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ სესარ სოტო გრადო დანიშნა. ეს გახლავთ რეფერი, რომელიც მიმდინარე სეზონში „ბარსას” ორ შეხვედრას მოემსახურა და ორივე მატჩი კატალონიელებისთვის სავალალოდ დასრულდა.

პირველი თამაში, რომელშიც სოტო გრადოსა და „ბლაუგრანას” გზები გადაიკვეთა, 2020 წლის 17 ნოემბერს გაიმართა (რონალდ კუმანის გუნდს „ხეტაფემ” მოუგო 1:0), სამი კვირის შემდეგ კი „ბარსას” „კადისმა” აჯობა 2:1.

კატალონიური პრესის აზრით, პირველ შეხვედრაში მსაჯმა „ხეტაფეს” მცველი ალან რომეო ნიომი დაინდო. კამერუნელი უხეშობდა და გასაძევებელი იყო, სოტო გრადომ კი 73-ე წუთამდე ყვითელიც კი არ აჩვენაო, ჩივიან ჟურნალისტები. ისინი დასძენენ, რომ ამ მატჩში „ხეტაფე” „ბარსაზე” გაცილებით ხშირად არღვევდა წესებს, მაგრამ 7 ყვითელი ბარათიდან 3 მაინც კატალონიელებს ერგოთ. და კიდევ, „ბლაუგრანას” მხარდამჭერი მედია ხაზს უსვამს, რომ იმ შეხვედრაში მსაჯმა „ხეტაფეს” პენალტი დაარტყმევინა, თუმცა იმას არ ამბობს, რომ ეს თერთმეტმეტრიანი არ უნდა დანიშნულიყო.

რაც შეეხება „კადისთან” შეხვედრას, აქ „ბარსამ” იმდენად ვერ ივარგა, რომ მსაჯისკენ ხელის გაშვერას აზრი არ აქვს.

სულ კი ამ სეზონში სოტო გრადომ ლა ლიგაში ათჯერ იმსაჯა, 41 ფეხბურთელი გააფრთხილა, არავინ გაუძევებია და ოთხი პენალტი დანიშნა.

ამასწინათ, თოვლით დაფარულ პამპლონაში, სადაც „რეალმა” ძლივს ჩააღწია, „ოსასუნასა” და მადრიდელთა თამაშსაც (0:0) სესარ სოტო გრადო მოემსახურა.