„ბაიერნში”, ახალი მმართველობის დაწყებამდე წელიწადიღა დარჩა. 2022 წლის დასაწყისში „რეკორდმაისტერის” უსტაბაშის თანამდებობიდან გადადგება 65 წლის კარლ-ჰაინც რუმენიგე და 1 თებერვლიდან, კლუბის მართვას 51 წლის ოლივერ კანი შეუდგება.

წარსულის დიდი ვარსკვლავი, რუმენიგე, „ბაიერნში” ფუნქციონერად 1991 წლიდან მუშაობს. 2002 წლამდე ის ვიცე-პრეზიდენტი იყო, 2002-ის შემდეგ კი თავმჯდომარეა. მიუნხენში გამომავალ გაზეთ tz-თვის მიცემულ ინტერვიუში მან უდიდესი გერმანული კლუბის შეფობის პერიოდს ერთხელაც გადაავლო თვალი და წარმატებების გარდა, ამ პერიოდში მის მიერ დაშვებულ ყველაზე დიდ შეცდომაზეც ილაპარაკა.

„ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა 2008-09 წლების სეზონში მწვრთნელად იურგენ კლინსმანის მიყვანა იყო, — თქვა მან, — დანიშვნიდან ათი თვის შემდეგ, კლინსმანმა და კლუბის დირექტორატმა ურთიერთობა სრულ გაუგებრობაში დავასრულეთ. რასაკვირველია, ამაში მარტო მწვრთნელის დადანაშაულება არ შეიძლება. დამნაშავენი ჩვენც ვიყავით”.