ტრადიციულად, ინგლისური სეზონის ერთ-ერთი მთავარი მატჩი „ლივერპულისა” და „მანჩესტერ იუნაიტედის” დაპირისპირებაა. ამჯერად, ეს დაპირისპირება ჩვეულებრივზე მეტად მოექცა ყურადღების ცენტრში, რადგან ლიდერი ჩემპიონს ხვდებოდა. დაამატეთ ამას ლოზუნგი, რომ covid 19-ის ეპოქაში ფეხბურთი არ უნდა შეჩერდეს, ვინაიდან ის ერს ამხნევებს და მიიღებთ სანახაობას, რომელსაც ბრიტანეთში ასე ძალიან ელოდნენ და რომელმაც, თუ პრესას თვალს გადავავლებთ, არ გაამართლა.

„ენფილდზე”, „ლივერპულმა” „მანჩესტერ იუნაიტედს” უმასპინძლა. თამაში დასრულდა 0:0. სტუმრებმა მეტწილად თავი დაიცვეს, ეტყობა ქულით კმაყოფილი დარჩნენ, მასპინძლებს კი, ბრიტანელი მიმომხილველების დიდი ნაწილის აზრით, ფანტაზია არ ეყოთ; უტევდნენ, მაგრამ ერთფეროვნად.

მოკლედ, ტიტანთა ბრძოლას დრამა დააკლდა. არადა, პრემიერლიგის ფეხბურთი მთელს მსოფლიოს სწორედ დრამის გამო უყვარს.

ისევე, როგორც მიმდინარე სეზონის სხვა ელიტურ შეხვედრებს (მანჩესტერულ დერბის, „იუნაიტედისა” და „ჩელსის” ან „ჩელსისა” და „ტოტენჰემის” დაპირისპირებას), დაღი ამ თამაშსაც თავშეკავებულობამ დაასვა. რისკის ნაკლებობამ განაპირობა იმ იმპულსის არქონა, რომელსაც ასეთ შემთხვევებში, ხშირად, ინგლისელი მაყურებელი წარმოშობს ხოლმე.

„ლივერპულისა” და „მანჩესტერ იუნაიტედის” შეხვედრაში, მეკარეებს თავი 75-ე წუთამდე არ გამოუჩენიათ…

ოლე გუნარ სულშერს თერთმეტეული ისე ჰქონდა შერჩეული, რომ გუნდი მასპინძელთა დროებით დაცვაზე, მწვავედ, სწორედ სქემის გამო ვერ გაილაშქრებდა. „ლივერპულის” დროებით დაცვაში კი ცენტრალურ მცველთა, ფაბინიოსა და ჯორდან ჰენდერსონის წყვილი იგულისხმება.

და ბოლო წუთებში, როდესაც „იუნაიტედმა” თითქოსდა მაინც გაამწვავა თამაში, ნორვეგიელმა მწვრთნელმა მის ფეხბურთელთა შორის ფანტაზიით ყველაზე უხვად დაჯილდოებული ბრუნო ფერნანდეში გაიყვანა მოედნიდან. აქ, უკმაყოფილო ფერნანდეშმა ხელების შლა დაიწყო, არადა, ისიც უნდა ითქვას, რომ ამ შეხვედრას მის მანჩესტერულ კარიერაში საუკეთესოს ვერავინ უწოდებს.

საბოლოოდ, მანკუნიანელთა თამაშმა უკმაყოფილების გრძნობა დატოვა: როგორ გინდა ჩემპიონობა, თუკი პრინციპულ თამაშში გაბედულად და ხშირად ვერ უტევ? მასპინძელთა კართან ორი საგოლე მომენტი მაინც შეიქმნა, მაგრამ პოლ პოგბამ და ფერნანდეშმა ვერ შეაგდეს.

ინგლისურ წყაროებში წერია: „ამ დღეს „იუნაიტედი” მოედანზე სულშერს კი არა, ჟოზე მოურინიუს რომ გაეყვანა, მის ყბადაღებულ „ავტობუსზე” ვიწუწუნებდით, მაგრამ ეს ხომ თითქოსდა შემტევი ფეხბურთის მიმდევარი სულშერი იყო. ამრიგად, ჩვენ კიდევ ერთხელ გავხდით მოწმენი იმისა, რომ ბავშვური ღიმილით ცნობილი ნორვეგიელი პრინციპულ შეხვედრებში მოურინუდ იქცევა ხოლმე.

არადა, „ლივერპულს” თავის დაცვა ისედაც არ უყვარს, არათუ მაშინ, როდესაც საუკეთესო მცველები დაშავებული ჰყავს და მეტოქე თავდამსხმელების შესაჩერებლად ალტერნატიულ ვარიანტებს მიმართავს.

ლიდერისა და ჩემპიონის ასეთი თამაში ინგლისში მხოლოდ მდევარ „მანჩესტერ სიტის” თუ გაახარებდაო, ამბობენ მიმომხილველები.

„ლივერპულს” არ ჰყავდა ჟოელ მატიპი, ვირჯილ ვან დაიკი და ჯო გომესი. უცნაური იყო ძირითად შემადგენლობაში შერდან შაქირის გამოჩენა, თუმცა, თამაშის გვარიანი მონაკვეთები მერსისაიდელთა უპირატესობით მიმდინარეობდა. აი, ჩვეული სიმწვავისა კი რა მოგახსენოთ.

მატჩის შემდეგ „ლივერპულის” მწვრთნელმა იურგენ კლოპმა თქვა: „ახლა ერთი ქულით მეტი გვაქვს, ვიდრე მატჩის დაწყებამდე გვქონდა. ვფიქრობ, კარგად ვითამაშეთ, მაგრამ იმისათვის რომ მოიგო, გოლი უნდა გაიტანო. ეს ჩვენ ვერ შევძელით, ამიტომ შედეგი სრულიად ლოგიკურია”.