გახსოვთ „ლივერპული“ – „მილანის“ სტამბულური ფინალი, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე დრამატულად რომ შეირაცხა?
მოკლედ, გასულ ზაფხულს ფეხბურთიდან იმ ისტორიული მატჩის ბოლო მონაწილეც წავიდა. 38 წლის მილან ბაროში ოსტრავას „ბანიკის“ შემადგენლობაში 2 წუთით გამოჩნდა და… ინგლისური „ლივერპულისა“ და ჩეხეთის ნაკრების ყოფილი წევრი მშობლიურ სოფელში გადაცხოვრდა და იქაურ, რანგით მეექვსე ლიგის „ფ.კ. ვიგანტიცეში“ ჩაირიცხა – მილანმა ოცნება აიხდინა, ფლეიმექერად იქცა, 2 გაიტანა და 3 საგოლე პასიც შეასრულა.
ამდენი ქომაგი სოფლის კლუბის ტრიბუნებს არასოდეს უნახავს… ნამატჩევს კი ბაროშმა ორივე გუნდს და მთელ სოფელს ლუდი უკისრა. „8 გოლი კი გავუშვი, მაგრამ ყოველთვის ხომ არ მომეცემა ჩემპიონთა ლიგის მომგებთან გასაუბრების საშუალება?!“ – ხარობდა წაგებულთა მეკარე.