დღეს მესუთ იოზილი არსენალელებს დაემშვიდობება და გეზს სტამბოლისკენ აიღებს — ის „ფენერბაჰჩეში” გადადის. თურქული წარმოშობის გერმანელმა „ემირეითის” შეფებთან საერთო ენა გამონახა. მხარეები კონტრაქტს წყვეტენ. ამ ხელშეკრულებას ვადა ზაფხულში ისედაც ეწურებოდა, მაგრამ მნიშვნელოვანი სხვა რამ არის: იოზილმა ხეფასის შემცირებაზე თქვა დასტური. ნახევარმცველი, „არსენალში”, წელიწადში 7 მილიონ გირვანქას იღებდა. „ფენერბაჰჩე” მის სანაცვლოდ „არსენალს” ფულს არ გადაუხდის.

მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ თავად 32 წლის ფეხბურთელი, მისი აგენტი ერქუთ სოგუთი და ჩრდილოლონდონელთა ბრაზილიელი დირექტორი ედუ. მხარეებს ერთი-ორი დეტალიღა დარჩათ შესათანხმებელი. ამ კვირაში იოზილი უეჭველად გადაბარგდება სტამბოლში.

ზემოთ ვთქვით, რომ გერმანელ-თურქი ვარსკვლავი თანაგუნდელებს დღეს გამოემშვიდობება. საქმე ის არის, რომ დღეს „მეთოფეები” ვარჯიშობენ, სახვალიოდ, „ნიუკასლთან” სათამაშოდ ემზადებიან და მათი ერთად ნახვის უკეთეს საშუალებას ვერ ინატრებს კაცი.

ცოტა ხნის წინ, ტვიტერ-ინტერვიუში იოზილმა „ფენერბაჰჩეზე” ასე თქვა: „ბავშვობაში,  გერმანიაში, ამ კლუბის ქომაგად ვიზრდებოდი. თურქეთისთვის „ფენერბაჰჩე” იგივეა, რაც ესპანეთისთვის „რეალი” — ის ქვეყნის უდიდესი კლუბია”.

მესუთ იოზილი „არსენალის” ფეხბურთელთა შორის ყველაზე ტიტულოვანი გახლავთ. მან „მეთოფეთა” მაისურით შვიდწელიწადნახევარი იბურთავა და ოთხჯერ მოიგო ფეხბურთის ასოციაციის თასი. ჩრდილო ლონდონელებმა მასში „რეალს” 42,5 მილიონი გირვანქა გადაუხადეს.

2018 წლის დეკემბერში ნახევარმცველმა „არსენალთან” კონტრაქტი განაახლა და კლუბის ისტორიაში ყველაზე დიდხელფასიანი ფეხბურთელი გახდა — მას კვირაში 350 000 გირვანქას უხდიდნენ.

ბოლოხანს იოზილის საქმე ცუდად წავიდა — „მეთოფეთა” მწვრთნელი მიკელ არტეტა აღარ ათამაშებდა.

მესუთ იოზილმა „არსენალის” შემადგენლობაში სულ 254 შეხვედრა ჩაატარა და 44 გოლი გაიტანა. ამის გარდა, მან თანაგუნდელებს 77 საგოლე პასი გადააწოდა.