ბრუნო ფერნანდეში ამბობს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი” „ლივერპულს” მასთან გატოლების საშუალებას არ მისცემს — „ლივერპულმა” ამ სეზონშიც რომ მოიგოს ტიტული, მანკუნიანელთა რეკორდს გაიმეორებს, ინგლისის ოცგზის ჩემპიონი გახდება. კვირას ეს გუნდები „ენფილდზე” დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
მანჩესტერელთა პორტუგალიელმა ნახევარმცველმა თქვა: „ვის უნდა, რომ მოქიშპე მის დონემდე ამაღლდეს ან ჯილდოების რაოდენობით გაუტოლდეს? არავის. ამიტომაც, ჩვენთან, კლუბში, გასახდელში, ყველასთვის ყველაფერი ნათელია. ყველამ კარგად იცის, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებენ „ლივერპულთან” კონკურენციას გულშემატკივრები. რად უნდა ლაპარაკი, რომ თუ ჩვენ ოცდამეერთედ გავხდებით ჩემპიონები, „ლივერპულს” კი ცხრამეტზე დავტოვებთ, ქომაგები ორმაგად გაიხარებენ”.
ფერნანდეში, 2020 წელს უკვე მეოთხედ დაასახელეს პრემიერლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელად. ადრე, კალენდარული წლის განმავლობაში ასეთი პატივი არავის რგებია. აქედან ჩანს, თუ რა გავლენა აქვს პორტუგალიელს გუნდზე. იმაში, რომ „ენფილდზე” შეხვედრის წინ, ცხრილში, „მანჩესტერ იუნაიტედი” „ლივერპულზე” 3 ქულით წინ არის, ფერნანდეშის დამსახურება დიდია.
პორტუგალიელი „მანჩესტერ იუნაიტედში” გასული წლის იანვრის ბოლოს, ლისაბონის „სპორტინგიდან” გადავიდა. მას მერე, მან ახალი გუნდის შემადგენლობაში 27 გოლი გაიტანა, ოღონდ, მათგან 15 პენალტი იყო. „ლივერპულის” გერმანელი თავკაცი იურგენ კლოპი კი სწორედ მანჩესტერელთა მიერ დარტყმული პენალტების რაოდენობას მიიჩნევს საეჭვოდ და კითხულობს, ამ გუნდს ამდენ პენალტს რატომ არტყმევინებენო.
ფერნანდეშს სულ არ ადარდებს, რას მიიჩნევს კლოპი საეჭვოდ და რას არა.
„გულწრფელად გეტყვით, მისი ნათქვამი არ მაღელვებს, — ამბობს ის, — ყურადღებას არ ვაქცევ, რას ამბობენ კონკურენტები. მე პორტუგალიიდან ვარ, ჩვენთან კი თუ „სპორტინგში” თამაშობ, „ბენფიკა” და „პორტუ” შენზე გამუდმებით ასეთ რაღაცებს ამბობენ. ამას ხან იმიტომ აკეთებენ, რომ მსაჯებზე გავლენა მოახდინონ, ხან კი უბრალოდ, პრესაში ხმაურობენ. ჩემთვის, თუ პენალტს ვარტყამ, მნიშვნელოვანი მხოლოდ ერთი რამ არის — გოლი უნდა გავიტანო. ამის მიღმა, ვისაც რა უნდა ის უთქვამს”.