როგორც ჩანს, „ბარსელონას” საპრეზიდენტო არჩევნების ახალი თარიღი 7 მარტი იქნება. პარასკევს, კატალონიის დედაქალაქში, რამდენიმე შეხვედრისა და თათბირის შემდეგ, გადაწყდა, რომ კოვიდპანდემიის პირობებში არჩევნების 24 იანვარს ჩატარება არ შეიძლება.

ხსენებულ შეხვედრებში მონაწილეობდნენ კლუბისა და კატალონიის მთავრობის წარმომადგენლები.

იმავე დღეს, საღამოს საათებში, „ბარსას” პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი კარლეს ტუსკეტსი შეხვდა სამ კანდიდატს — ჟოან ლაპორტას, ვიქტორ ფონტსა და ტონი ფრეიშას.

შეხვედრაზე გამოიკვეთა ახალი თარიღი, 7 მარტი. იყო სხვა ვარიანტებიც, მაგრამ ყველაზე სავარაუდო მაინც 7 მარტია. მანამდე, კლუბი შეეცდება როგორც უშუალოდ კატალონიაში, ასევე მთელს ესპანეთში, რაც შეიძლება მეტი საარჩევნო ყუთი დადგას. მთავრობის დახმარებით, ამომრჩევლებს ხმის ფოსტით მიცემის საშუალებაც ექნებათ.