ინგლისური „სანი” წერს, რომ მისთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი „ბარსელონას” სურვილის შესახებ, შეიძინოს სერხიო აგუერო. 32 წლის არგენტინელს, ზაფხულში, „მანჩესტერ სიტისთან” კონტრაქტის ვადა ეწურება და შეუძლია ყოველგვარი სატრანსფერო საფასურის გარეშე გადავიდეს მსოფლიოს ნებისმიერ კლუბში.

ამ ამბავმა, თურმე „ბარსა” დააინტერესა. კატალონიურ კლუბს იდეა მოუვიდა — მადრიდის „ატლეტიკოს” ყოფილი თავდამსხმელი ესპანეთის ლა ლიგაში დააბრუნოს. ცხადია, ძლიერი ფორვარდის დამატების გარდა, „ბლაუგრანას” შეფები ლეო მესისთვის მეგობრის ჩაყვანას და ამით მის „კამპ ნოუზე” დაბმას ფიქრობენ.

აგუერომ „სიტიში” 9 წელიწადი გაატარა და კლუბისგან ჯერაც ახალ წინადადებას ელოდება. დღეს და კვირას ის „ეტიჰედზე” „ბრაიტონთან” და „კრისტალ პალასთან” ვერ ითამაშებს. მიზეზი: covid 19-ით დაავადებულ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი და თვითიზოლაციაშია.

ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ხმა, რომ „მანჩესტერ სიტის” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის გადაბირება მის თანამემამულეს, „პარი სენ ჟერმენის” ახალ თავკაც მაურისიო პოჩეტინოსაც უნდა.

აგუეროზე ლაპარაკისას, „ქალაქელების” თავკაცმა პეპ გვარდიოლამ თქვა: „დღეს ის კარანტინშია. რამდენადაც ვიცი, წესის თანახმად ცხრა თუ ათ დღეში უნდა დაბრუნდეს. დიდი იმედი მაქვს, რომ სერხიო ძველებურად ათამაშდება. მე მას და ჩემს თავს სწორედ ამას ვუსურვებ. ნატკენი მუხლი ახლა გაცილებით უკეთესად აქვს. თვითიზოლაციამდე ყველაფერი ჩინებულად იყო. ამ ეტაპზე მას უბრალოდ ვარჯიში სჭირდება”.

სერხიო, იმავე კუნ აგუერომ „მანჩესტერ სიტის” შემადგენლობაში ოთჯერ მოიპოვა პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტული, ხუთჯერ – ლიგის თასი, ერთხელ კი ფეხბურთის ასოციაციის თასი.

და ბოლოს, კიდევ ერთი ცნობა, რომელიც „მანჩესტერ სიტიათან” არის დაკავშირებული: კლუბის პატრონმა კორპორაციამ, „სიტი ფუტბოლ გრუპმა” კიდევ ერთი, მე-11 კლუბი შეიძინა. ეს გახლავთ, ბოლივიური „ბოლივარი”.