მეორე წელიწადი შესრულდა, რაც ამ სვეტს ვწერ და უნდა ვთქვა, რომ ორი წელიწადი გვარიანი დროა. როგორც ის სულგანათლებული იტყოდა, იცით, ეს ორი წელიწადი, რა წელიწადია?
ბევრი რამ მოხდა ამ ორ წელიწადში ფეხბურთის მხრივ. საქართველოს ვარსკვლავები არ მოუწყვეტია, მაგრამ რამეები მაინც შესრულდა და აღსრულდა. მარტო ის რად ღირს, რომ სუნამონაპკურები იტალიის ნაკრები მოსკოვურ ტალახსა და ძანძახში ვარბენინეთ თოხარიკით და ასე ამოთხვრილები გავისტუმრეთ საფრანგეთში.
ასეთი პატარა სიხარულები შეიმჩნეოდა, მაგრამ იმედგაცრუება მეტი გამოგვივიდა.
არც არის დიდად გასაკვირი – დიდი სიხარული ნისიაზედ არ მოვა.
დიდ სიხარულს დიდი გამარჯვება უნდა, დიდ გამარჯვებას დიდი და საქმიანი მიდგომ-მოდგომა. თუმცა, ეს მიდგომ-მოდგომაც არ გამოდის ლამაზი, თუ საქმეში ბოლშევიკური აზრი და ფიქრი ჩაერევა.
ეს ბოლშევიკური, ძველებური აზროვნება გავრცელებულია მთელი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე და არა მხოლოდ საბჭოთა ტერიტორიაზე, არამედ მთელს ძველი სოციალიზმის მხარეში. თანაც, ეს ოხერი აზროვნება შემორჩენილია არა მხოლოდ დიდმოხელეთა შორის, არამედ სრულიად ჩვეულებრივ ადამიანებშიც, ვისაც წარსულ წლების დიქტატმა ფიქრებზე დაღი დაასვა.
ქართული ფეხბურთის ბედზე გულიანად დაფიქრებული ხალხი ცდას არ აკლებს, რათა თავისებურად, არაფორმალურად იპოვოს გზა დიდი გამარჯვებისა და დიდი სიხარულისაკენ. ნაკრები ნაკრებად და ქომაგი „დინამოს“ გამო ჯავრობს, განა შეიძლება ყოველ წელიწადს პორტუგალიაში შევრცხვეთო? ასეთ დროს, ნირწამხდარი გულშემატკივარი თვალს გადაავლებს ხოლმე ყოფილ საბჭოთა სივრცეს, რათა იქ განდიდებული გუნდი იპოვნოს და მაგალითად მოიყვანოს. აგე, როგორ დააყენეს საქმეო, ამით ქომაგი ცდილობს, ჩვენი კლუბის უფროსობას დაანახოს, ძნელ პირობებშიც შეიძლება გამარჯვება, თუკი საზრიანად მიხედავ საქმესო.
და მე ვიტყოდი, რომ ქართული ფეხბურთისთვის არაფრის მომტანია კიევის „დინამოს“ და ზაგრების „კროაციას“ მაგალითები, ის რომ კიევი და ზაგრები კარგად თამაშობენ, შესაძლოა მისაბაძი რამ იყოს, მაგრამ ისე, როგორც კიევსა და ზაგრებში უდგებიან ფეხბურთს, ჩვენ არ უნდა მივუდგეთ. თუ ასე მივუდგებით, უნდა ვაღიაროთ, რომ საბჭოთა კავშირულ რესპუბლიკად ვრჩებით.
ხორვატიასა და უკრაინაშიც ეს გუნდები ყველაზე სახელოვანნი არიან. ამ გუნდების თამაშებს ესწრებიან პრეზიდენტები ფრანიო ტუჯმანი და ლეონიდ კუჩმა. ისინი ქომაგობენ თავიანთ დიდ კლუბებს არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც. ამ ორი გუნდისთვის, ამ ორი ქვეყანაში არსებობს ყოველგვარი დახმარება და ყოველგვარი მხარდაჭერა. ფული და მთელი ამბავი! რადგან ამ ქვეყნის უფროსები ფიქრობენ ძველებურად: გვყავდეს ერთი გუნდი, გამოსაჩენი და ძლიერი, რათა ჩვენს საქმეს წაადგესო, სხვა გუნდების ჯავრი კი არავის აქვს. სხვა გუნდებს სიღარიბე და ვირის თავ-ფეხი. ასე კი, შიდა ფეხბურთი არ ვითარდება. როცა სახელმწიფო პროგრამა ერთი გუნდისთვის დგება და არა მთელი ფეხბურთისთვის, ეს სხვა არაფერია, თუ არა ის ძველი, სოციალისტურ-ჩინოვნიკური ფიქრი. მონოპოლია დაუშვებელია.
კიევის „დინამოს“ სხვა რამ კარგი აქვს – გამოცდილი და ჭკვიანი მწვრთნელი და აზრიანი მოთამაშენი, რომლებიც სწორად დარბიან. ამას თუ მივხედავთ, უკეთესია. თორემ ერთი გუნდის პოლიტიკა ჩვენი ფეხბურთის ნამდვილ და სასურველ განვითარებას ვერ მოახერხებს.
ჩვენს პირობებში ფეხბურთში უნდა იყოს არა ბოლშევიკური ფიქრის ნარჩენი, არამედ მგლის კანონი: აი, კოდექსი, და აი, ამ კოდექსის ფარგალში ბურთი და მოედანი. ვინც გადარჩება, გადარჩება. ვინც არა და არ ვუყოთ?
ერთის დახმარება, რბილად რომ ვთქვათ, უტაქტობაა. ძველი დრო ხომ წავიდა? ერთის დახმარების ეპოქა წავიდა. ამიტომ თუკი შედგება ფეხბურთის განვითარების პროგრამა, ის ყველასთვის უნდა იყოს, და არა ისე, როგორც ზაგრებსა და კიევში აკეთებენ.
ეს ოხერი ძველი დროების კუდები ვერა და ვერ წავაჭერით ჩვენს ცხოვრებას.
აგე, ხომ ხედავთ, რა ხდება ფეხბურთის მამებსა და სპორტის თავკაცებს შორის?
განა ეს ამბავი დღევანდელია. არა, ის ძველია, როგორც – რა ერქვა იმ სიტყვას? ჰო, „პლენუმი“.
ეს ამბავი თავის არსით არის პლენუმების ეპოქისა და სულისკვეთებისა.
ოღონდ ეგ არის, რომ დღევანდელმა ხელმძღვანელებმა მეტი თავისუფლება იგდეს და უფრო ხმამაღლა ლაპარაკობენ.
ეს არის და ეს. მსხვერპლად კი ფეხბურთია, უკვე მერამდენედ, ისე, როგორც ძველ დროში, ოღონდ, მაშინ გაზეთში არავინ დაგაწერინებდა ამ ამბავს, ახლა კი წერე და იკითხე.
ლოზუნგი (სვეტის ორი წლისთავის გამო): არ გვინდა პლენუმი, გვინდა ფეხბურთი!
6.12.1997