დოჰაში მიმდინარე ძიუდოს მასტერსის მეორე დღე საქართველოს დელეგაციისთვის უკეთესი გამოდგა. 21 წლის ტატო გრიგალაშვილმა გრიგალივით გადაურა ყველა მეტოქეს და ოქროს მედალი ირგუნა.
81 კილოში მოჭიდავე ჩვენიანმა პირველ წრეში უნგრელი ატილა უნგვარი დაამარცხა, ხოლო შემდეგ იტალიელი ანტონიო ესპოზიტოს რამდენიმე წამში ბრწყინვალე იპონით მოუგო. მეოთხედფინალში ჩვენებურის მსხვერპლი რუსი ალან ხუბეცოვი გამოდგა და ტატო ნახევარფინალში გავიდა, სადაც მეტოქედ უკვე კორეელი სუნგ ჰო ლი ჰყავდა. გრიგალაშვილმა ჯერ ვაზარზე დასცა აზიელი, შემდეგ კი იპონზე დაიჭირა და მედალი გაინაღდა.
ფინალში მისი მეტოქე ნიდერლანდელი ფრანკ დე ვიტი იყო. ტატო მთელი შეხვედრის მანძილზე აქტიური იყო, ერთი ვაზარი ვიდეოგამეორების შემდეგ გაუუქმეს, მაგრამ ძირითადი დროის ამოწურვამდე 25 წამით ადრე ნიდერლანდელი ისევ ვაზარზე დასცა და იქვე მტკივნეულ ილეთზე დაიჭირა.
დღესვე ლაშა შავდათუაშვილი (73) და ლუკა მაისურაძე (81) პირველივე წრეში დამარცხდნენ და ასპარეზობას გამოეთიშნენ. შავდათუაშვილმა ისრაელის წარმომადგენელ ტოხარ ბუტბულთან წააგო, ხოლო მაისურაძემ მონღოლ საიედ მოლაესთან.