ლეგენდარული ქართველი ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი დავით ხახალეიშვილი ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ 49 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ხახალეიშვილი პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელიც ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე დამოუკიდებელი საქართველოს მედროშე იყო – 1992 წელს, ბარსელონაში. მთავარი: რიონის პირას გაზრდილი ძიუდოისტი პირველი ქართველი ოლიმპიელია, ვინაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ოქროს მედალი მოიპოვა, ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ჰიმნი ააჟღერა და ქართული დროშა აღიმართა. ესეც ბარსელონაში…

ზოგადად, დავით ხახალეიშვილს მონაგარი შთამბეჭდავია: მსოფლიოს ჩემპიონატის ორგზის მეორე (1991,93) და ორგზის მესამე (1993, 95) პრიზიორი; ევროპის სამგზის ჩემპიონი (1993, 1996) და მესამე პრიზიორი (1990); მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი სამბოში (1996, 97); სსრკ ხალხთა X სპარტაკიადის (1991) და სსრკ ჩემპიონი (1991) ძიუდოში; დსთ-ის ჩემპიონი (1992); 2018 წელს მიღებული აქვს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი, ხოლო 2003 წელს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორდენი.

ხახალეიშვილის ჯამრთელობის მდგომარეობა შარშან დამძიმდა. საჭირო გახდა გულის ურთულესი და ძვირადღირებული ოპერაცია. თანხაც შეგროვდა, მაგრამ სამწუხაროდ, ლეგენდარული ძიუდოისტის სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა… ეს მინსკის კლინიკაში მოხდა…

სარბიელელები ვწუხვართ დავით ხახალეიშვილის გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ მის ოჯახსა და სრულიად საქართველოს…