ნიკოლოზ ბასილაშვილი ანტალიის საერთაშორისო ტურნირზე წარმატებულ გამოსვლას აგრძელებს. მართალია, თურქეთში 250-იანი ტურია, მისი საპრიზო ფონდი მხოლოდ 361.800 ევროა და ნიკოლოზსაც არცთუ რთული მეტოქეები შეხვდა, მაგრამ გასული წლის შემდეგ ჩვენებურს მოგების გემოს გახსენება ნამდვილად ჭირდებოდა.
ბასილაშვილმა, პირველ წრეში იტალიელ ანდრეა არნაბოლდის სამ სეტში სძლია, ამჯერად ნიკამ თურქ ალტუგ ჩელიკბილეკს (309-ე) აჯობა – 7:6, 6:4.
პირველ სეტში ქართველმა ჩოგბურთელმა ტაიბრეიკზე იმარჯვა, მეორეში კი უფრო მარტივად მოიგო.
ბასილაშვილს მეოთხედფინალში უკვე სერიოზული მეტოქე ჰყავს – ახალგაზრდა ავსტრიელი ალექს დე მინორი, რომელიც რეიტინგში 23-ე გახლავთ. ქართველ ჩოგბურთელს 21 წლის ალექსთან აქამდე არასდროს უთამაშია და მეტოქეები 11 იანვარს კორტზე პირველად შეხვდებიან.
შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი წყვილებშიც გამოდის, სადაც გერმანელ ანდრე ბეგემანთან ერთად ასევე მეოთხედფინალში პირველი განთესვის მქონე ხორვატულ წყვილს – ნიკოლა მეტკიჩსა და მატე პავიჩს დაუპირისპირდება. ეს შეხვედრა 10 იანვარს ჩატარდება.