კატალონიური „სპორტი” წერს, რომ „ბარსელონას” მიმდინარე სეზონში ასე კარგად არ უთამაშია — „ბლაუგრანამ” „სან მამესზე” „ბილბაოს” 3:2 მოუგო. შოუს მთავარი გმირები პედრი და ლეო მესი იყვნენ.

ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს — ინიაკი უილიამსმა მე-3 წუთზე გაიტანა, თუმცა მეთხუთმეტეზე პედრიმ გაქვითა. შესვენებამდე 7 წუთით ადრე „ბარსა” მესიმ” გაიყვანა წინ. ამ ეპიზოდში მესის დარტყმაზე არანაკლებ ეფექტური იყო პედრის მიერ ქუსლით დაგორებული საგოლე პასი.

შესვენების შემდეგ, 62-ე წუთზე, მესიმ თავისი მეორე ანუ სტუმართა გუნდის მესამე გოლი გაიტანა, რის მერეც „ბლაუგრანას” კიდევ შეეძლო სხვაობის გაზრდა, მაგრამ 90-ე წუთზე ბურთი „ბარსელონას” კარში შევარდა და ამის გამო მსაჯის წამატებული წუთები ცოტა არ იყოს, ნერვიული გამოდგა.

საბოლოოდ, რონალდ კუმანის გუნდმა ლა ლიგაში უკვე მეშვიდე თამაში არ წააგო და ცხრილში ზევით მიიწევს — მესამე ადგილზეა.

შემდეგი თამაში „ბარსას” სტუმრად აქვს, „გრანადასთან”, სადაც ერნესტო ვალვერდეს თავკაცობით, კატალონიელებმა გასულ სეზონში წააგეს.

მატჩის შემდეგ კუმანმა თქვა: „ანგარიში თამაშის მსვლელობას ზუსტად არ ასახავს, რადგან ჩვენ მეტოქეს მთელ რიგ ასპექტებში ვჯობდით. „ბილბაომ” შეხვედრის დასაწყისში ჩვენი დაცვის უყურადღებობით ისარგებლა და დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ თამაშის სადავები ხელთ ვიგდეთ და ყველაფერს ვაკონტროლებდით. არადა, „სან მამესზე” თამაში ყოველთვის ძნელია.

საბოლოოდ, შედეგითაც კმაყოფილი ვარ და იმითაც, თუ როგორ გავიმარჯვეთ — ჩამორჩენა გამოვასწორეთ და თამაშის კალაპოტი შემოვატრიალეთ. დღეს ჩემი გუნდი ფენომენალური იყო. ჩვენ გამარჯვებას ვიმსახურებდით.

ჩემპიონატის ბოლო ტურამდე ვიბრძოლებთ. მართალია, ჩვენსა და ლიდერს შორის ჯერ კიდევ დიდი სხვაობაა (7 ქულა, პლუს, „ატლეტიკოს” ორი თამაში მარაგში აქვს), მაგრამ სწორ გზაზე ვდგავართ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი”.

შემდეგ „ბარსელონას” მწვრთნელმა პედრისა და მესის შესახებ ილაპარაკა:

„მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 18 წლის არის, პედრი უკვე ზრდასრული ფეხბურთელია. ამ ზრდასრულობაში მის ოსტატობასაც ვგულისხმობ და მენტალიტეტსაც.

რაც შეეხება მესის, ადრეც ვამბობდი, რომ ლეოს თამაშის წყურვილი არ დაუკარგავს და დღეს, როდესაც ორი გოლი გაიტანა, ეს კიდევ უფრო თვალნათლივ გამოჩნდა. მან ერთ ეპიზოდში ძელსაც გაარტყა ბურთი, იბრძოდა, ქმნიდა, გაჰქონდა… სწორედ ეს არის, რაც გვინდა. ის დიდი ფეხბურთელია და ჩვენი გუნდისთვის კვლავ ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა გახლავთ”.