როგორც იქნა ნიკოლოზ ბასილაშვილმა გამარჯვების გემო გაიხსენა. ბოლოს ჩვენებურმა 10 თვის წინ იმარჯვა დევისის თასზე, ხოლო ATP-ს ტურნირებზე 2020 წლის 25 თებერვლის მერე არ მოეგო. ზედიზედ 11 მარცხის შემდეგ კი, შობას, ანთალიაში იტალიელ ანდრეა არნებოლდს მოუგო – 4:6, 7:5, 6:1.
რეიტინგში 40-ე ჩოგანი ბასილაშვილი ტურნირზე მეექვსე ნომრად არის განთესილი და მეტოქესთან ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ ძალიან გვანერვიულა და აპენინელს გამარჯვება ცხვირწინ ააცალა.
პირველ სეტში ჩოგბურთელებმა 6 გეიმი თანაბრად გაიარეს, მეშვიდეში ბასილაშვილმა საკუთარი მოწოდება წააგო, მართალია მერვეშივე დაიბრუნა, მაგრამ მეცხრეც მეტოქეს დაუთმო, რასაც საბოლოოდ იტალიელის გამარჯვება მოჰყვა – 6:4.
მეორე სეტშიც პირველი ბრეიკი აპენინელმა გაახერხა და 2:1 დაწინაურდა. ბასილაშვილმა უკუბრეიკი ამჯერადაც იქვე შეასრულა, მაგრამ მომდევნო მოწოდება ისევ დათმო. ნიკოლოზმა ბოლომდე იბრძოლა და როდესაც მეტოქე მატჩზე აწვდიდა, სწორედ მაშინ გაათანაბრა – 5:5.
შემდეგ ქულებს უკვე მხოლოდ ნიკოლოზი იხვეჭდა: ჯერ მეორე სეტი მიიყვანა გამარჯვებამდე – 7:5, ხოლო მესამე სეტში სულაც 5:0 დაწინაურდა, მერე კი მატჩის მოგება უკვე იოლი საქმე იყო.