„ბარსელონამ” სამშაბათს ვარჯიში გააუქმა. მიზეზი: სტაფის ორ წევრს კორონავირუსი აღმოაჩნდა.

გადაიდო რონალდ კუმანის პრეს-კონფერენციაც, რომელიც 1 საათზე იყო დანიშნული. კატალონიური კლუბის მთელი შემადგენლობა, ფეხბურთელებიან-მოსამსახურეებიანად დამატებითი PCR ტესტების ჩასატარებლად წაიყვანეს.

„ბარსას” ოფიციალურ განცხადებაში წერია: „ორშაბათს ჩატარებული PCR ტესტების შედეგად გაირკვა, რომ პირველი გუნდის სტაფის ორ წევრს covid 19 სჭირს. ამის შესახებ კლუბმა დაუყოვნებლივ შეატყობინა სპორტულ და ჯანმრთელობის დაცვის შესაბამის ორგანოებს. გარდა ამისა, ლა ლიგის დებულების თანახმად, სამშაბათს, მთელ გუნდს ჩაუტარდა დამატებითი PCR ტესტი. ყოველივე ამის გამო კი, ვარჯიში, რომელიც სამშაბათსვე უნდა ჩატარებულიყო, გადაიდო.

„ბილბაოსთან” თამაშის წინ, ვარჯიშისა და პრეს-კონფერენციის ახალი დრო დამატებით გამოცხადდება”.

„ბარსელონა” ოთხშაბათს, „სან მამესზე”, „ბილბაოს” ხვდება.