„ტოტენჰემ ჰოთსპური” ბრძოლისთვის ემზადება — მაურისიო პოჩეტინოს უგო ლორისის „პარი სენ ჟერმენში” გატაცების შესაძლებლობა არ უნდა მისცეს. ლონდონელები, როგორც ჩანს, კაპიტნის პარიზში გაქცევას მაინც არ გამორიცხავენ და სამარქაფო ვარიანტს ამზადებენ. მათ „ვესტ ბრომვიჩიდან” სემ ჯონსტონის ან „მანჩესტერ იუნაიტედიდან” დინ ჰენდერსონის გადაბირება დაუგეგმავთ.
„სფურზის” ყოფილი, წარმატებული თავკაცი, არგენტინელი მაურისიო პოჩეტინო „პარი სენ ჟერმენში” მუშაობას დაყაბულდა. პსჟ გახლავთ კლუბი, რომელშიც ის ერთხანს თამაშობდა. და, რასაკვირველია, ახალი მწვრთნელი შემადგენლობის თავისი ნაცნობი ფეხბურთელებით გაძლიერებას შეეცდება. ამასწინათ ვწერდით, რომ პოჩი იანვარში, სავარაუდოდ იმავ „ტოტენჰემიდან”, დელე ალის წაყვანას შეეცდება, თუმცა, როგორც ამბობენ, ამით არ დაკმაყოფილდება და ზაფხულში საფრანგეთის ნაკრების გოლკიპერის გადაბირებასაც მოინდომებს.
მიუხედავად იმისა, რომ 34 წლისაა, „პარკ დე პრენსზე” ლორისის შეძენას მიესალმებიან. პარიზელი გულშემატკივრის აზრით, ის კეილორ ნავასის კარგი შემცვლელი იქნება. მოგეხსენებათ, კეილორ ნავასი კოსტა რიკელი მეკარეა, რომელმაც სახელი „რეალში” თამაშით გაითქვა — სამჯერ მოიგო ჩემპიონთა თასი. ასაკით ნავასი ლორისის ტოლია.
„ტოტენჰემში” ლორისი 2012 წელს, 7 მილიონ გირვანქად, „ლიონიდან” გადავიდა. ამჟამად, მას „სფურზთან” ერთი წელიწადიღა აკავშირებს, მერე კი ან თავისუფალი აგენტის სტატუსით წავა ან ახალი კონტრაქტი უნდა გააფორმოს.