უწმინდესის შეგონება: კაცმა უნდა ააშენოს სახლი! დარგოს ხე! იყოლიოს შვილი! ეს უნდა გააკეთოს, თავსაც რომ უშველოს, ერსაც და ბერსაც!

განვლილი 30 წლის მანძილზე არაერთი უბადლო ნიჭით დაჯილდოებული მობურთალი მინახავს. მათ არც პატრონ-მყვარებელი აკლდათ და არც სხვა სიკეთე, მაგრამ ღვთისგან ბოძებული ნიჭი უმოწყალოდ გაუფლანგავთ.

იმას, ვისაც უნდა ეფრინა სიარულიღა შეძლო. ვისაც გამართულად სიარული ძალუძდა ფორთხვაღა მოახერხა. ზოგმა კი უდროოდ დატოვა წუთისოფელი.

…ვერც თავს უშველეს, ვერც ერს შეეწივნენ და ვერც ბერს, არადა არ ჰქონდათ ამის უფლება…

არშემდგარი დავითი

16 წლის ვუდერკინდი, ბურთთან შენობით მოლაპარაკე, ჩინებული დრიბლიორი, საფეხბურთო ინტელექტი… გასული საუკუნის 90-იანებში მსგავსი ავანსი თითო-ოროლაზე თუ გაიცა. მას ყველაფერი უხვად ჰქონდა, მაგრამ მთავარი აკლდა წარმოუდგენლად უდისციპლინო და ზარმაცი იყო.

დავით პეტრიაშვილს, პატარა „პეტროს“, ვარსკვლავობას უწინასწარმეტყველებდნენ და არამხოლოდ ჩვენებურ მოედნებზე. მერაბ ჟორდანიას „დინამოში“ პატრონობა და პირობები არ აკლდა. ცხონებული დავით ყიფიანი ყურადღებას არ აკლებდა, მაგრამ პატარა ბიჭის ცხოვრების დაუდევარი წესი აუტანელი გახდა.

ერთ დღესაც დიღმის ბაზის კარი გაუღეს და გარეთ, ქუჩაში გაუშვეს. გამოხდა ხანი და მეორე შანსიც მიიღო. ჯერაც ახალგაზრდას ფეხებში ჯანი ერჩოდა, ნიჭს აბა ვინ წაართმევდა.

იმ ჯერზე ჯონი გიგანმა შეიკედლა „მორკინალში“.ვარჯიშებზე ხან თავად ატარებდა, ხანაც კაცი ჰყავდა მიჩენილი. არა შეჯდა მწყერი ხესა… ჩაიფერფლა, დაიკარგა. დათუნა დავითად ვერ გადაიქცა.

მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა, „პეტროზეც“ არაფერი გამიგია, არც გამხსენებია. ორიოდ წლის წინ, ჭავჭავაძის გამზირზე ვიღაცამ დამიძახა. ძლივს ვიცანი, ძველი „პეტროსგან“ მხოლოდ თვალებიღა დარჩენილიყო, სადაც ისევ „ეშმაკები“ დაუხტოდნენ.

– გეხვეწები ცოტა-ფული მომეცი, საშინელ „პახმელიაზე“ ვარ.

ოცლარიანი მივეცი… მარკეტში შეირბინა, იქიდან კი ბოთლი არაყი, პური და კიდევ რაღაც გამოიტანა. არაყი იქვე გახსნა და მოიყუდა.

– ესეც ასე, დღეს არამიშავს, გადავაგორებ. მადლობა გადამარჩინე.

– ხვალ რა იქნება „პეტრო“?

– ჩემთვის ხვალ არ არსებობს. მე მომავალი რა ხანია დავმარხე. ახლა ქუჩაში ვცხოვრობ, მაწანწალა ვარ.

იქვე ქუჩის პირზე ჩამოჯდა, მუხლებზე ხელი მოისვა… სახეზე ტკივილი შეეტყო.

– გახსოვს რა სხარტი ფეხები მქონდა? რასაც უნდა ვერჩინე იმას არ გავუფრთხილდი. საშინლად მტკივა.

– „პეტრო“ წამო, ტკივილგამაყუჩებელს გიყიდი…

– არა, ისედაც შეგაწუხე. ახლა კიდევ ორი მსხვილი ყლუპიც და მერე მესიც და რონალდოც ერთად ვიქნები.

იმ დღიდან დიდ დროს არ გაუვლია, ბიჭებმა „პეტრო“ ახსენეს. თურმე მაწანწალებს ქუჩაში უჩხუბით და ჩხუბისას საცოდავი „პეტრო“ შემოაკვდათ!

დათუნამ სახლი ვერ ააშენა, ხეც ვერ დარგო. ერსა და ბერს კი არა, საკუთარ თავსაც ვერ უშველა. არადა, არ ჰქონდა ამის უფლება.