მოგეხსენებათ, 30 დეკემბერს, კორონავირუსის გამო, პრემიერლიგამ ლონდონის გუნდების, „ტოტენჰემ ჰოთსპურისა” და „ფულემის” შეხვედრა გადადო. თარიღი დასაზუსტებელია.
ეს გახლდათ მესამე მატჩი, რომლის ჩატარებაც მიმდინარე სეზონში covid 19-ის მიზეზით გადავადდა.
„სფურზის” თავკაცმა ჟოზე მოურინიუმ კი უკმაყოფილება არ დამალა. მას არ მოეწონა რამდენი ხანი აყურყუტეს მისი ფეხბურთელები, სანამ გამოუცხადებდნენ, რომ თამაში აღარ შედგებოდა.
მოურინიუმ სოციალურ ქსელში გააზიარა ვიდეო, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ და რომელზეც კარგად ჩანს, რომ დღის 2 საათზე „ტოტენჰემ ჰოთსპურის” ფეხბურთელები სტადიონის მოსაცდელში უსაქმოდ სხედან. ისინი პრემიერლიგის გადაწყვეტილებას ელიან.
მოურინიუმ ვიდეოს მიაწერა: „თამაში 6 საათზეა… ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, ვითამაშებთ თუ არა. ეს მსოფლიოში საუკეთო ლიგაა”.
„ტოტენჰემის” ოფიციალური განცხადება, სადაც კლუბი „ფულემის” კორონავირუსით დაავადებულ წევრებს ჯანმრთელობას უსურვებს, ცხადია, სხვა იყო.
„ფულემის” მწვრთნელმა სკოტ პარკერმა თავისი გუნდის თამაში ბოქსინგ დეიზე, „საუთჰემპტონის” წინააღმდეგაც გამოტოვა. მიზეზი: კორონავირუსი. ოღონდ, პარკერი თავად არ იყო ავად. დაავადება მისი ოჯახის წევრს შეეყარა და ის თვითიზოლაციაში გადავიდა.
თუმცა, პრემიერლიგაში ეპიდვითარებისადმი ყველას ერთნაირი დამოკიდებულება როდი აქვს. ასე მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ავადმყოფობის გამო სამი ფეხბურთელი აკლდა, „შეფილდ იუნაიტედმა” „ბარნლისთან” ითამაშა.
და ზოგადი განწყობაც ის არის, რომ კოვიდი კოვიდად, მაგრამ ჩემპიონატი (ცხადია, რეგულაციების დაცვით) არ უნდა შეჩერდეს.