დუბაიში „გლობ სოკერის” დაჯილდოებათა ცერემონიაზე კრიშტიანუ რონალდუს „საუკუნის ფეხბურთელის” ჯილდო გადასცეს. მსოფლიოს უმაღლეს შენობაში, საქვეყნოდ ცნობილ „ბურჯ ხალიფაში” მოწყობილ გალაზე პორტუგალიელმა ვარსკვლავმა წითელ ხალიჩაზე საცოლესთან, ხეორხინა როდრიგესთან ერთად გაიარა.

საფეხბურთო სელებრითებიდან საღამოს ესწრებოდნენ „ლივერპულის” ლეგენდა, 59 წლის იან რაში და მისი 43 წლის თანამეცხედრე, მომღერალი და მოდელი ქეროლ ენტონი. იყვნენ ჟერარდ პიკე, რობერტ ლევანდოვსკი, კრივის ყოფილი ვარსკვლავი ამირ ხანი და მისი მეუღლე ფარიალ მახდუმი.

„გლობ სოკერის”, მეორენაირად Dubai d’Ors-ის („ოქროს დუბაის”, „ოქროს ბურთის” ანალოგიით) გამოკითხვა ღიაა. ის 2010 წლიდან ტარდება. მასში გულშემატკივრები თავისუფლად მონაწილეობენ.

აღსანიშნავია, რომ იტალიური „ტუტოსპორტის” ცნობით, რონალდუმ წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოც მოიგო, მაგრამ მან ამ ჯილდოს აღებაზე უარი თქვა. მან განაცხადა, რომ წლეულს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულს „ბაიერნის” ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი იმსახურებს.

საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მიღების შემდეგ, რონალდუმ თქვა: „აგერ უკვე 20 წელიწადია, რაც პროფესიონალი ფეხბურთელი ვარ და არ ვიცი თუკი არსებობს რაიმე რეკორდი, რომელიც არ დამიმყარებია.

ამ რეკორდების დამყარება, რასაკვირველია, დიდი სიამოვნებაა, მაგრამ ჩემი თანაგუნდელების, ჩემი გუნდის გარეშე, მე ამას ვერ შევძლებდი.

დღევანდელი ჯილდო განსაკუთრებულია და ის მოტივაციას მმატებს.

საუკეთესოდ დასახელება დიდი პატივია. იმედი მაქვს, რომ გაისად პანდემია აღარ იქნება და ჩვენ კიდევ ერთხელ ვიზეიმებთ.

აგრეთვე იმედი მაქვს, რომ კიდევ ბევრი წლის განმავლობაში შევძლებ ფეხბურთის თამაშს”.

„გლობალ სოკერის” სხვა ლაურეატები იყვნენ:

წლის საუკეთესო ფეხბურთელი — რობერტ ლევანდოვსკი; წლის საუკეთესო კლუბი — „ბაიერნი”; წლის საუკეთესო მწვრთნელი — ჰანს-დიტერ ფლიკი; საუკუნის საუკეთესო კლუბი — „რეალი”; საუკუნის საუკეთესო აგენტი — ჟორჟი მენდეში; ჯილდო გამორჩეული კარიერისთვის — ჟერარდ პიკე და იკერ კასილასი.