ამ შეხვედრაში ყველა „არსენალის” გაცამტვერებას და მიკელ არტეტას თანამდებობიდან მოხსნას ელოდა, მაგრამ მოხდა ისეთი რამ, რამაც პრემიერლიგის მოყვარულები გააოცა — არტეტამ დადო შედეგი, რომელმაც მისი სამსახური ხომ გადაარჩინა და „მეთოფეები” შეჯიბრებაში დააბრუნა. უცნაურია, მაგრამ ასეა: იმის მაგივრად, რომ ჩრდილოლონდონელთა ფანები საახლწლოდ ლიგაში დარჩენის შანსებს ითვლიდნენ, ახლა ამბიციურ გეგმებს აწყობენ და კალენდარში იმედით იყურებიან.
„არსენალმა” „ჩელსის” მოუგო 3:1.
საგონებელში კი „ჩელსის” გულშემატკივრები არიან. მათ, ალბათ, ეჭვი გაუჩნდათ, რომ „ლურჯებმა” შეიძლება ვეღარ შეძლონ იმ გუნდებთან მიახლოება, რომლებიც უმაღლესი ადგილებისთვის იბრძვიან.
„არსენალს”, პრემიერლიგაში, ბოლო 7 შეხვედრიდან ერთიც არ ჰქონდა მოგებული და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მისი შესრულებით ასეთი ფეხბურთი არავის უნახავს. მნიშვნელოვანი და საგულისხმო კი ისაა, რომ „ჩელსისთან” გუნდმა თავისი ვარსკვლავების გარეშე გაიმარჯვა. არ იყვნენ პიერ-ემერიკ ობამეიანგი, ნიკოლა პეპე, დავიდ ლუისი, ვილიანი, გაბრიელი და ტომას პარტეი.
სულ, არტეტამ ექვსი ფეხბურთელი შეცვალა იმ შემადგენლობასთან შედარებით, რომელმაც ერთი კვირია წინ „ევერტონთან” 1:2 წააგო.
მიმდინარე სეზონში, სასტარტო შემადგენლობაში პირველად ითამაშეს გაბრიელ მარტინელიმ, ემილ სმიტ როუმ და პაბლო მარიმ.
რაც შეეხება „ჩელსის”, ის „ემირეიტზე” მისული გახლდათ უძლიერესი შემადგენლობით — განაცხადში სხვადასხვა ნაკრების 20 ფეხბურთელი ჰყავდა.
და ვინაიდან, შეხვედრის ჰაილაითებს ქვემოთ გთავაზობთ, აქ მომენტების აღწერით თავს აღარ შეგაწყენთ, მაგრამ გეტყვით, რომ „არსენალი” 3:0-ს იგებდა, ოღონდ პრემიერლიგა რისი პრემიერლიგაა — „ჩელსიმ” 85-ე წუთზე შეამცირა სხვაობა, 90+1 წუთზე კი… პენალტი ვერ გაიტანა.