ესპანური გაზეთის „მარკას” ინგლისური ვერსიის რედაქტორმა, ჯეფ ჯილინგემმა კრიშტიანუ რონალდუს მომავლის შესახებ თავისი მოსაზრება გამოთქვა, რომელიც საინტერესოდ მივიჩნიეთ და მის შინაარსს ქვემოთ გაგაცნობთ.

ჯილინგემი წერს, რომ ბოლო დროს ბევრი იწერება ლეო მესის კარიერის გაგრძელების შესაძლო ვარიანტების შესახებ. წერენ, მაგალითად, რომ ვინაიდან 2021 წლის 30 ივნისს მას „ბარსელონასთან” კონტრაქტის ვადა ეწურება, „ბლაუგრანას” ყოფილმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ შესაძლოა მისი „მანჩესტერ სიტიში” გადაბირება სცადოს. მესი 33 წლის არის.

რაც შეეხება კრიშტიანუ რონალდუს, მისი მომავლის ანალიზი ფაქტობრივად არ იწერება, არადა პორტუგალიელი თებერვალში არც მეტი-არც ნაკლები 36 წლის ხდება და „იუვენტუსთან” მისი კონტრაქტი (ისევე, როგორც მესის კონტრაქტი „ბარსელონასთან”) 2021 წლის ივნისამდეა.

რონალდუს ტურინში წელიწადში 31 მილიონ ევროს უხდიან. როდესაც „იუვენტუსმა” მას ასეთი კონტრაქტი გაუფორმა, არავინ იცოდა, რომ დაიწყებოდა covid 19-ის პანდემია , რომელიც ფეხბურთის კლუბებს ეკონომიკურად ძლიერ დააზარალებდა.

რონალდუმ კეთილი ნება გამოიჩინა და გასამრჯელო თავად შეიმცირა 3,8 მილიონი ევროთი, მაგრამ მაინც სამჯერ მეტს იღებს, ვიდრე სერია A-ს მომდევნო დიდხელფასიანი ფეხბურთელი, მისი თანაგუნდელი მატეის დე ლიხტი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ „იუვენტუსი” დილემის წინაშეა: დარჩენილ 6 თვეში რონალდუ ხელფასის შემცირებასა და ახალ კონტრაქტზე დაიყოლიოს თუ გაყიდოს.

ჯეფ ჯილინგემი თავის სტატიაში აგრეთვე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ტურინულმა კლუბმა ბოლო ორი მწვრთნელი ნიშანდობლივი პრინციპით შეარჩია: მაურიციუ სარიცა და ახლანდელი თავკაცი ანდრეა პირლოც უფრო ფეხბურთის „მოგვარდიოლო” სტილის მიმდევრები არიან, რაც იმას ნიშნავს (თუმც, ჩვენი აზრით ეს სულ მცირე უცნაურია), რომ ადრე თუ გვიან რონალდუს ტიპის ფორვარდი შეიძლება არ დასჭირდეთ.

რასაკვირველია, კრიშტიანუს გუნდიდან წასვლა, ისევე როგორც „რეალში”, „იუვენტუსშიც” გამოიწვევს უცაბედ უარყოფით ეფექტს — შემცირდება გოლების რაოდენობა და გუნდის შეტევა სიმწვავეს დაკარგავს, მაგრამ ჯილინგემის აზრით, რონალდუს გარეშე დარჩენილი „ბებერი ქალბატონი” იძულებული გახდება მოძებნოს გუნდური თამაშის ახლებური ხერხები, აღარ იყოს ძლიერ დამოკიდებული ერთ კაცზე და პაოლო დიბალაც კვლავ იპოვის საკუთარ თავს.

მაგრამ, სად შეიძლება კრიშტიანუ რონალდუს გაყიდვა? ყველაზე კარგი ვარიანტია „მანჩესტერ იუნაიტედი”, რადგან მას შეიძლება მხოლოდ ფული კი არა, ფრიად სასურველი პოლ პოგბაც გამოართვა. პოგბას „ოლდ ტრეფორდზე” 2022 წლამდე აქვს კონტრაქტი, მაგრამ მისი აგენტი მინო რაიოლა არ მალავს, რომ თუ საჭირო იქნება, ინგლისელებს პოგბას ერთი წლით ადრეც გააშვებინებს.

ჯილინგემი წერს, რომ „იუნაიტედში” გადასვლა წესით არც კრიშტიანუსთვის უნდა იყოს ცუდი ვარიანტი.

სხვა? მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელის შეძენის შნო ბევრს მართლა არ აქვს. ჯილინგემის აზრით, ასეთებია „პარი სენ ჟერმენი”, „მანჩესტერ სიტი” და იგივე „რეალი”, რომელიც კილიან მბაპეს უმიზნებს.

ერთი სიტყვით, გადაწყვეტილება მალეა მისაღები. დრო არ ითმენს.